ლატვიაში მუშაობა აკრძალეს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად RT, რომელიც Russia Today-ს სახელითაცაა ცნობილი. როგორც ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ არხს აკონტროლებს დიმიტრი კისელევი, რომელსაც ევროკავშირის სანქციები შეეხო.

დიმიტრი კისელევი

სულ ლატვიაში შვიდ ტელევიზიას აუკრძალეს მუშაობა, რომლებსაც RT მართავდა, ესენია: RT, RT HD, RT არაბულ ენაზე, RT ენაზე, RT Documentary HD, RT Documentary და RT TV.

ელექტრონული მასმედიის ეროვნულის საბჭოს განცხადებით, RT თავის გადაცემებში ცდილობდა ლატვია არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოეჩინა.

დიმიტრი კისელევმა განაცხადა, რომ RT-ზე პასუხისმგებელი არაა და ლატვიას მოუწოდა, არხს ბოდიში მოუხადოს და ეთერში დააბრუნოს. ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში კისელევი 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს რუსეთის პროპაგანდის გატარების გამო მოხვდა.

თავის მხრივ დიმიტრი კისელევი ხელმძღვანელობს Rossiya Segodnya-ს მედიაჯგუფს, რომელიც მოიცავს RIA Novosti-სა და Sputnik-ს.

ვლადიმერ პუტინი და მარგარიტა სიმონიანი

ფოტო: Tass

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანიც.

"ლატვიის დაზვერვა ფიქრობს, რომ დიმიტრი კისელევი RT-ის ხელმძღვანელობს. ასეთი დაზვერვით შეგვიძლია არაფრის გვეშინოდეს", — დაწერა ტვიტერზე სიმონიანმა.

Russia Segodniya (რუსეთი დღეს) ინგლისურად ნიშნავს Russia Today-ს, RIA Novosti იყო ის, ორგანიზაცია, რომელმაც დააფუძნა RT, მანამ, სანამ კისილევი ჩაუდგენოდა სათავეში და ორ ორგანიზაციად გაიყოფოდა.

დიმიტრი კისელევი რუსეთში ცნობილი და პოპულარული ჟურნალისტი და ტელეწამყვანია. მასზე დაკისრებული სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე სრულად ვრცელდება. ლატვიაში აცხადებენ, რომ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ სხვა ქვეყნებსაც შეატყობინებენ და მოუწოდებენ, RT მათაც დაბლოკონ.

ლატვიასა და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში, ლიეტუვასა და ესტონეთში RT კრემლის მიერ მართულ და პროპაგანდისტულ არხად მიიჩნევა.