ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე მოძრაობა #სირცხვილიას "შმაცების კომკავშირს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ აქტივისტს, ზაზა აბაშიძეს სამეურვეო საბჭოში მხარი დაუჭირეს, რადგან კვოტებს სცეს პატივი. კობახიძის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.

"სირცხვილია არის შმაცების კომკავშირი ხო?! ანუ ევრონაცების ახალგაზრდული ორგანიზაცია არის სირცხვილია. შესაბამისად, ჩვენ ევრონაცი ავირჩიეთ მათ შორის, იმის გამო, რომ კვოტას ვეცით პატივი. შმაცების კომკავშირის წარმომადგენელი ზაზა აბაშიძე ავირჩიეთ ბორდის წევრად, ანალოგიურად მათაც უნდა ეცათ პატივი კვოტისთვის და ხმა უნდა მიეცათ სხვა კანდიდატებისთვის", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად: ბონდო მძინარაშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე დაამტკიცა. ბორდის წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, დოდო შონავამ კი ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა, მას მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რაც შეეხება გია მურღულიას კანდიდატურას, ის უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, ბონდო მძინარაშვილი და ზაზა აბაშიძე კი უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა წარადგინეს. მძინარაშვილის კანდიდატურას 95 მხარდამჭერი ჰყავდა, აბაშიძეს კი 98.