ცენტრალური საარჩევნო კომისიაის (ცესკო) განცხადებით, გაურკვეველი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სარგებლობენ და კარდაკარ შემოვლით ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას ცდილობენ.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით მსგავსი გადამოწმების ფაქტები დაფიქსირდა .

"განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი", — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

მათივე განმარტებით, პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ, რომ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა ჰქონდეთ, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში.

"კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას", — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.