პოპულარული კულტურის და იურიული პერიოდის პარკის დამსახურებით, ბევრი როცა პრეისტორიულ სამყაროზე და დინოზავრებზე ფიქრობს, თვალწინ მომწვანო და მოყავისფრო ფერები წარმოუდგება.

თუმცა დროთა განმავლობაში, მონაცემების დაგროვებასთან ერთად, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 100 მილიონი წლის წინ დედამიწა და მისი ბინადრები ისეთივე ფერადები იყვნენ, როგორც დღეს. ამის კიდევ ერთი სამხილი 99 მილიონი წლის მწერებია, რომელთა სხეულებიც ამდენი ხნის განმავლობაში მიანმარში, ქარვაში ინახებოდა.

პრეისტორიული ცხოველების შეფერილობა იმიტომაა რთული დასადგენი, რომ იმ პერიოდიდან ისეთი ბევრი არაფერი შემორჩა, რაც ძველი სამყაროს გარეგნობის შესახებ რამეს გვეტყოდა. ადრეული ცხოველებისგან, ძირითადად, მხოლოდ მიწაში ჩამარხული ძვლებიღა დარჩა.

მწერები ქარვაში 99 მილიონი წლის განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდნენ

მწერები ქარვაში 99 მილიონი წლის განმავლობაში ხელუხლებლად ინახებოდნენ

ფოტო: Cai et al., PRSB, 2020

ამის მიუხედავად, ხანდახან გვიმართლებს და მკვლევრები კარგად შენახულ ცხოველებს პოულობენ, რომლებიც პრაქტიკულად ხელუხლებელნი არიან.

ბევრ ცხოველს და მათ შორის პრეისტორიულ მწერებს, რომლებიც ახლახან აღმოაჩინეს, ეგრეთ წოდებული "სტრუქტურული შეფერილობა" აქვთ.

"ზედაპირის ნანოსტრუქტურები სინათლეს სპეციფიკური ტალღის სიგრძის მიხედვით გარდატეხენ, რაც ძალიან ინტენსიურ ფერებს წარმოქმნის", — ამბობს ჩინელი პალეონტოლოგი პან იანჰონგი.

ამის დამსახურებით, მაგალითად ფარშევანგს და პეპელას ნაირფერი, გარდამავალი შეფერილობა აქვთ. იგივე ითქმის 99 მილიონი წლის მწერებზე, რომლებიც მეცნიერებმა მიანმარში იპოვეს.

თანამედროვე ფირუზისფერი ბზიკი.

თანამედროვე ფირუზისფერი ბზიკი.

ფოტო: Wasrts / Wikimedia Commons

მწერების უმეტესობა სხვადასხვა სახეობის კრაზანები იყვნენ, რომელთა შთამომავლობაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დღესაც შეგიძლიათ იპოვოთ. მაგალითად, პრეისტორიული ზურმუხტისფერი ბზიკი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ხშირად პრეისტორიული ცხოველების შეფერილობა განამარხების შემდეგ იცვლება. თუმცა, მეცნიერების თქმით, მათ მიერ აღმოჩენილი მწერების უმეტესობის ფერები არ გადასხვაფერებულა. მკვლევრების დაკვირვებით, თუ მწერის კუტიკულარული (ფერის განმსაზღვრელი) სტრუქტურა უცვლელია, მაშინ მწერი შეფერილობას ინარჩუნებს.

კვლევა Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.