გენდერული კვოტების შემოღებას საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ყველა პარტია, რომელსაც არჩევნებში სურს მონაწილეობა, ვალდებული იქნება, სია ისე დააკომპლექტოს, რომ ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. განსაკუთრებით მონდომებულებს, ვინც "კეთილი ნებას გამოიჩენს" და განსხვავებული სქესის წარმომადგენელს სიაში ყოველ მესამედ ჩაწერს, უფრო მეტად "წაახალისებენ" და პარტია დამატებით ფინანსური სარგებლს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებათა პაკეტში "განსხვავებული სქესი" წერია და არა ქალი, გუშინ, პირველ ივლისს, პარლამენტში აქტიურად ბჭობდნენ იმაზე, რატომ უნდა ჩასვან სიაში იძულებით ქალი კანდიდატები, თუკი ამის არც რესურსი და არც სურვილი აქვთ. რა თქმა უნდა, არ განხილვის საგანი ის არ ყოფილა, რომ შესაძლოა, ვინმეს მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული სია ჰქონდეს და ყოველ მეოთხე წევრად კაცი კანდიდატის პოვნა გახდეს საჭირო.

მეტიც, ცვლილებების ავტორი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ თუკი ახლა პარლამენტში 21 ქალია, ცვლილებების შედეგად, 2020 არჩევნების შემდეგ მინიმუმ 30 იქნება, მომდევნო არჩევნებზე კი ეს რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება და 50-ც გახდება, რაც "ბალანსს" უზრუნველყოფს. ამიტომ ეს ცვლილება სწორედ ქალებს შეეხება, რადგან კაცებისთვის სიებსა თუ პარლამენტში მოხვედრა ასეთ ბარიერებს ნამდვილად არ უკავშირდება.

კვოტების იდეა კაცი დეპუტატების ნაწილს საერთოდ არ ხიბლავს. ისინი გვიმტკიცებენ, რომ ქალებს ქვეყანაში არ აბრკოლებენ და გვახსენებენ, რომ საქართველოში "უამრავი წარმატებული ქალი" გვყავდა, ბოლოს და ბოლოს, თამარი მეფობდა.

"მზრუნველი" კაცი პარლამენტარები

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილი კვოტების წინააღმდეგია. ის ამტკიცებს, რომ ადამიანებს კვალიფიკაციითა და ცოდნით აფასებს და არ შეიძლება საზოგადოება გაიყოს "ქალებად და კაცებად, ცოლიანებად და უცოლოებად". დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ქალებს "უზარმაზარ პატივს სცემს" და დარწმუნებულია, კვოტები მათ შეურაცხყოფს. ამავდროულად, პაპუაშვილის რწმენით, ქვეყნისთვის სჯობია პროფესიონალიზმზე ილაპარაკონ, "მანდილოსნობა კი დაფასებული იქნება" ოჯახშიც და საზოგადოებაშიც.

"მე ვფიქრობ, რომ მშობელი და შვილი დროს, ენერგიას, თანხას ხარჯავენ იმაში, რომ ადამიანმა შეიძინოს კვალიფიკაცია, იარსებოს და თავის განვითარებას თავისი ენერგია მოახმაროს. ამიტომ, ჩემი აზრით, ამ კვოტების ხელოვნურად დაგეგმვა და თავისუფლების არმიცემა, დაკანონება, რომ ყოველი მეოთხე უნდა იყოს, ძალიან ბევრ კითხვას გააჩენს.

მე ვფიქრობ, რომ მათი მანდილოსნობა დაფასებული იქნება ოჯახშიდაც, საზოგადოებაშიდაც, მაგრამ საქმისთვის, ქვეყნისთვის სჯობია ვილაპარაკოთ კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე

ზაზა პაპუაშვილი გენდერულ კვოტებზე

მე მგონი, ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. "შენ შეიძლება კვალიფიკაცია არა გაქვს, მაგრამ რახან ქალი ხარ, ამის გამო უნდა მიგიღოთ", — ეს ბევრ უხერხულობას წარმოშობს, ასე მგონია", — განაცხადა მან პარლამენტში.

პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თუ კვოტირება "დირექტივის გამო უნდა შესრულდეს", უმჯობესია ამაზე რაიმე რაციონალური აზრი ჩამოაყალიბონ, რადგან ქალებს "მანდილოსნობა" ისედაც დაუფასდებათ.

"მიუხედავად ჩემი უზარმაზარი პატივისცემისა ქალების მიმართ, ამაში არ მგონია ვინმე შემედავოს, ეს არის ჩემი მოსაზრება, რომ კვალიფიკაცია უნდა იყოს უფრო მაღალ დონეზე. იმიტომ, რომ მე ვიცნობ ისეთ ქალბატონებს, მათი ცოდნითა და კვალიფიკაციით, შეიძლება 10, 20 და 30 მამაკაცი გვერდზე ვერ დაუდგეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მათი მანდილოსნობა დაფასებული იქნება ოჯახშიდაც, საზოგადოებაშიდაც, მაგრამ საქმისთვის, ქვეყნისთვის სჯობია, ვილაპარაკოთ კვალიფიკაციაზე და პროფესიონალიზმზე", — დასძინა დეპუტატმა.

ხელოვნური წახალისება არ მოსწონს მმართველი გუნდის დეპუტატ რევაზ არველაძესაც და კვოტირების გამო "თავისუფლების შეზღუდვაზე" ლაპარაკობს. ის ფიქრობს, რომ კვოტების მოთხოვნით პარტიები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რადგან არსებობს შანსი, "საკმარისი რესურსი არ ჰქონდეთ".

ფოტო: Imedinews

"ბატონო ირაკლი [კობახიძე], მე რა მინდოდა მეკითხა იცით, ჩვენ ამ კანონპროექტში ერთ-ერთი მუხლით, 45-ე მუხლით ვადგენთ, რომ პარტიის სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტიები. თითქოს სრული თავისუფლება ჩანს არა?! მაგრამ შემდეგ უკვე ვუზღუდავთ, რომ 2024-2028 წლებში ყოველი ოთხში ერთი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

ჩემი აზრით, ეს ხელოვნური შეზღუდვა დადებითს არაფერს გამოიტანს, იმიტომ, რომ პარტიებს ვაყენებთ ცოტა მძიმე სიტუაციაში. ზოგ პარტიას შეიძლება არა ჰყავს პოლიტიკოსების რესურსი ქალების ამდენი, ან კაცების არა ჰყავს ამდენი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ამ მიმართულებით თავისუფლება უნდა იყოს", — განაცხადა მან.

დანარჩენი დრო კი დეპუტატმა არა კვოტირების პლიუს-მინუსების, არამედ ცვლილებათა პაკეტში ტექნიკური უზუსტობის განხილვას დაუთმო და მათემატიკური ამოცანით სცადა აეხსნა ირაკლი კობახიძისთვის, რომ "თუ ერთი იქნება ორი მაინც, მეორე ვეღარ გამოდის ორი მაინც".

"აქ [საარჩევნო კოდექსში] კიდევ ერთი სრულიად გაურკვეველი რაღაც წერია: "2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტიები იმგვარად, რომ ამ სიაში ყოველი მეორე პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის".

ახლა, ყოველი მეორე პირი, მაგალითად, 100-დან 51 თუ არის, თითქოს ასრულებს ამას, მაგრამ მეორე 49-სთვის ხომ არ არის, ორიც არ გამოდის ხო. აქ რომ ეწეროს, რომ ქალი იყოს, ვთქვათ, ყოველი მეორე მაინც, მაშინ გასაგები იქნებოდა, მარა თუ ერთი იქნება ორი მაინც, მეორე ვეღარ გამოდის ორი მაინც. განსხვავებული სქესი ამ შემთხვევაში აღარ უდგება", — განაცხადა არველაძემ, რომელსაც ირაკლი კობახიძემ გაუგო და დაეთანხმა კიდეც.

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / საზოგადოებრივი მაუწყებელი

როგორც აღმოჩნდა, კვოტირების სისტემა რთულად გასააზრებელი აღმოჩნდა ქართული ოცნების სხვა დეპუტატებისთვისაც. მაგალითად, კობა ნაკაიძე, რომელსაც ცალსახად არც საწინააღმდეგო და არც მომხრე პოზიცია არ დუფიქსირებია, ამტკიცებდა, რომ იცის "ქალბატონისა და მამაკაცის სქესის განსხვავებულობა", მაგრამ არ ესმის სიაში განსხვავებულ სქესში ვინ იგულისხმება.

"გენდერულ კვოტასთან დაკავშირებით დაზუსტება მინდოდა, იმიტომ, რომ აქ ჩანაწერი არის ასეთი, რომ პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები ისე, რომ ცესკოსთვის წარდგენილი სიის ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. განსხვავებული სქესის რომ არის მამაკაცი და ქალბატონი გასაგებია, მაგრამ აქ თქვენ საუბრობდით, რომ შეიძლება 2028 წლის შემდეგ იყოს 50 ქალბატონი. განსხვავებული რას ქვია? ანუ პირველ ოთხეულში იყოს სამი ქალბატონი და მეოთხე მამაკაცი, თუ სამი მამაკაცი და განსხვავებული სქესის ქალბატონი. იმიტომ, რომ განსხვავებული სქესი რომ არის ვიცით ქალბატონი და მამაკაცი და აქ რომ დაგვიზუსტოთ", — განაცხადა მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით, საკმაოდ მკაცრი პოზიცია ჰქონდა მმართველი გუნდიდან წამოსულ ალექსანდრე ერქვანიას. ის კვოტირებას "მიუღებელს და გაუგებარს" უწოდებდა. ერქვანია ამტკიცებდა, რომ პარტიამ თავად უნდა განსაზღვროს სია და სქესის გამო ჩაწერა ქალებისთვის შეურაცხმყოფელია:

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / პარლამენტი

"მე ვფიქრობ, რომ საერთოდ მიუღებელი და გაუგებარია პოლიტიკურ პარტიებს აუკრძალო მონაწილეობა არჩევნებში მხოლოდ იმის გამო, რომ საარჩევნო სიებში არ ეყოლება ყოველი მეოთხე და შემდეგ ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ეს არის პოლიტიკური პარტიების თავისუფლების შეზღუდვა და ჩარევა მათ საქმიანობაში. პოლიტიკური პარტიიის გადასაწყვეტია, რამდენი ქალი ეყოლება პარტიაში და რამდენი კაცი.

შეიძლება იმდენი ქალი ჰყავდეს წარმატებული, რომ სიაში პირველი ათი ადამიანი იყოს ქალი და შემდეგ კაცები მოდიოდეს, ან პირიქით, რა მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური პარტიის ინტერესშია დააყენოს და შეიყვანოს სიაში ის პირები, რომლებიც, სარგებლობენ მოსახლეობაში ნდობით და აქვთ ის თვისებები, რომლებიც უნდა გააჩნდეს პოლიტიკოსს, არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცი".

კვოტირებაში უფრო სიღრმისეული პრობლემა დაინახა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, გიორგი ლომიამ. მან ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით ქალი და კაცი თანასწორნი არიან და კვოტირებით ქალების პარლამენტში შეყვანა კონსტიტუციის დარღვევაა. მას აბსურდად მიაჩნია ის, რომ ქალებს მხოლოდ სქესის გამო ბლოკავენ საარჩევნო სიებში, სამაგიეროდ, ლოგიკური ჰგონია, წლების შემდეგ, "ევროპის დავალებით, კვოტირებით, პარტიულ სიაში ყოველი მეხუთე ლგბტ პირის" ყოფნა. ეს ჰომოფობიური განცხადება მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"თუ პარტიას ჰყავს მანდილოსნები, რომლის ჩასმა შეიძლება ათეულში, მე არამგონია, რომ მაინცდამაინც მამაკაცებს ჩასვამენ და მათ გადაიყვანენ ოცეულში ან ოცდაათეულში.

ეს ფინანსური წახალისება რა მიზანს ემსახურება, მე არ მესმის. ძალით ჩვენ გვინდა, რომ გავაზავოთ ადამიანებით მხოლოდ იმის გამო, რომ პარტიამ მიიღოს დაფინანსება? ამის გამო ვაკეთებთ ამას? მე არ მგონია, რომ ეს პოლიტიკურ ხარისხს აუმაღლებს პოლიტიკურ პარტიას", — განაცხადა მან.

ლომია ფიქრობს, რომ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ქალი იყო და პრეზიდენტიც ქალია, არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, თითქოს ქალთა უფლებები იზღუდება. მეტიც, დეპუტატს ეს ილუზია ჰგონია, რომელსაც მოსახლეობას თავს ახვევენ.

"ჩვენ ხო ყველას გვესმის, რომ არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც არაერთხელ პარლამენტის თავჯდომარე იყო ქალბატონი, დღეს პრეზიდენტი გვყავს ქალი, პარლამენტში უამრავი ქალბატონია, ჩვენი ფრაქცია დაბალანსებულია ნახევარი-ნახევარზე, არ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ იზღუდება ქალის თავისუფლება ან ქალის უფლებები. ეს არის შექმნილი ილუზია, რომელსაც ვახვევთ თავს ჩვენს მოსახლეობას", — განაცხადა მან და დაამატა, რომ მათ პარტიაში კვალიფიციურ ქალებს არ აბრკოლებენ.

ლომიამ ეჭვი შეიტანა იმაშიც ქალებისთვის ხელოვნური ბარიერების არსებობაშიც და ამ ყველაფრის ფონზე ამტკიცებდა, რომ პარლამენტში მეტი ქალი უნდა იყოს და ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

"ჩვენ დღეს გენდერულ ბალანსნ ხელოვნურად ვაბალანსებთ და ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც დისკრიმინაცია დასჯადია და ვერცერთ ქალი ვერ იტყვის, რომ მას უნდოდა საპარლამენტო...

ქალბატონმა ეკამ ბრძანა, რომ არსებობს რაღაც ბარიერები. რა ბარიერები? დამისახელეთ. ჩვენი პარტიიდან გამომდინარე

ვინმე უცხო რომ გვისმენდეს და აკვირდებოდეს პარლამენტის სხდომას, ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს საქართველოში მართლა ვცდილობთ შევზღუდოთ ქალების უფლებები

გიორგი ლომია

ეგეთი ბარიერი არ არსებოს. არ შეიძლება ქალი კვალიფიციური ადამიანი იყოს, იყოს პარტიაში აქტიური მოღვაწე და ჩვენ არ ჩავსვათ სიაში იმიტომ, რომ მხოლოდ ქალია. არ არის სერიოზული", — განაცხადა მან.

ფოტო: კვირა

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა კონსერვატორების წევრმა, გიგა ბუკიამ, რომელიც კვოტირების მომხრეა, თუმცა არა კანონის დონეზე დავალდებულების. მან განმარტა, რომ გენდერული კვოტების ვალდებულება კონსერვატიულმა პარტიამ წესდებაში დაახლოებით 5 წლის წინ ჩაიწერა და პარტიულ სიაში ყოველი მესამე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის ჰყავთ. მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ ყველა პარტია ასე დაივალდებულებს თავს, რადგან ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა გაარჩიონ, ვინ ახალისებს ქალებს და ვინ არა. მეტიც, დეპუტატი ფიქრობს, რომ კვოტირების შემოღებით მათ საარჩევნოდ ხმებს ართმევენ.

ჩვენთან ქალი და მამაკაცი ისტორიულად ყოველთვის იყო ერთნაირი. ორი მეფე ქალი გვყავდა ქართველებს — თამარი და ქეთევანი

გიგა ბუკია

"ამომრჩეველს ექნება ამ კუთხით გარჩევის შესაძლებლობა, რომელი პარტია არის მოწადინებული იმისათვის, რომ ხელს უწყობდეს ქალთა წარმოჩენას და რომელი არის მოწინააღმდეგე. ეს მიმაჩნია, რომ ჩვენთვის იყო პლიუსი და თქვენ ამ კანონმდებლობის მიღებით გვიზღუდავთ".

ბუკიამ კოლეგებისგან განსხვავებულად ილაპარაკა "შეურაცხყოფის საკითხზეც". მისი თქმით, გენდერული კვოტები შეურაცხყოფს "ტრადიციულ მენტალობას, რაც მუდმივად იყო", ამის არგუმენტად მან ისტორიული კონტექსტი განიხილა.

"ორი მეფე ქალი გვყავდა ჩვენ საქართველოში და ქართველებს თამარი და ქეთევანი. ჩვენთან ქალი და მამაკაცი ისტორიულად ყოველთვის იყო ერთნაირი. ის ვინმე წარმომადგენელი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველო თურმე მსოფლიოში ჩამორჩენილია ამ მხრიდან, მას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ქალებს მსოფლიოში ხმის უფლება არ ჰქონდათ, 6 პარლამენტარი ქალი გვყავდა. ჩვენ ამას ვინმე თუ გვებუნება, რომ ის ჩამორჩენილი ერი ვართ, რომელმაც ქალის პატივისცემა არ ვიცით, ქალის როლი არ ვიცით, ქალის ღირსეული ადგილი არ ვიცით, ამას არ ვღებულობთ ჩვენ კონსერვატორები", — განაცხადა მან.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

დამოუკიდებელმა დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით კი, სავალდებულო კვოტების საკითხის გამო საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტს მხარს არ დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ცვლილებები ძალიან მოსწონს. მან კვოტების ინიციატივის გამოცალკევება მოითხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო, ამიტომ განაცხადა რომ პრინციპული პოზიციას შეინარჩუნებს.

"ხაზგასმით გეუბნებით, არაფერ შუაში არ არის ქალები და კაცები. ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ არ გვინდა ქალებად და კაცებად დავყოთ საარჩევნო სია, არ უნდა იყოს ასეთი დაყოფა. თუ ვინმეს უნდა, რომ მარტო 100% ქალბატონების სია გააკეთოს და შემოიტანოს ცესკოში, კანონით უფლება უნდა ჰქონდეს. იმიტომ, რომ თუ ასეთი პოლიტიკური ძალა არის, რომელიც ქალთა ერთობას წარმოადგენს, ქალბატონებს აერთიანებს და მათ საერთო პოზიცია აქვთ რაღაცასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ ამისი პოლიტიკურად გამოხატვის შესაძლებლობაც.

იმიტომ, რომ თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ თუ მე პროფესიული ფაქტორების და პიროვნული თვისებების გამო უფრო საჭირო ვარ სიაში, არ უნდა შემცვალონ იმის გამო, რომ სხვა სქესის ადამიანი უნდა ჩავწეროთ და ეს არის სავალდებულო", — განაცხადა მან.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

კვოტირების მოწინააღმდეგე დეპუტატების პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცვლილებათა პაკეტი არაკონსტიტუციური არ არის. მეტიც, მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ თანაბარი შესაძლებლობები ქალებისა და კაცებისთვის.

"ასეთია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მესამე პუნქტი, რომლის თანახმადაც: "სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად".

რაც შეეხება კომპეტენციას, ვერავინ ვერავის ვერ დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში 30 კომპეტენტური ქალი არ არის, რომელიც არის პარლამენტში დეპუტატობის ღირსი. ეს არის ბუნებრივი აბსურდი. 30-ც არის და 30 000-ც.

ერთადერთი, რაც კეთდება კვოტირებით, არის ის, რომ ჩვენ მოვუწოდებთ, ვაიძულებთ ბრჭყალებში, პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოიძიონ ასეთი 30 ქალი.

ირაკლი კობახიძე

გენდერული კვოტების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის დასადასტურებლად, კობახიძემ საერთაშორისო პრაქტიკაზეც ისაუბრა. რაც შეეხება "ყოველი მეოთხე" და "ყოველი მესამე" განსხვავებული სქესის წარმომადგენლით "ბალანსის" მიღწევას, დეპუტატმა განაცხადა, რომ "ეს არის ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტა, რეალობის გათვალისწინებით".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აზრი დააფიქსირა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმაც და გენდერული კვოტების განხილვის დროსაც ოპოზიციაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, "რაციონალური პოზიცია" აქვს, რომელიც არჩევნების მოგებაზე ორიენტირებული გეგმა არ არის.

"გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, შალვა ნათელაშვილმა და სერგი კაპანაძემ რაღაც თავისი პოზიციები გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ნუ ნათელია მისი პოზიცია ქალების კვოტირებასთან დაკავშირებით. მე სხვა აზრი მაქვს და საკმაოდ რაციონალური და არანაირი შორსმიმავალი გეგმა, რომ მეტი ქალია ამომრჩეველი და ა.შ. უფრო რაციონალურად ვფიქრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით და მხარს ვუჭერ აქედან გამომდინარე".

სულ მიკვირს, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით

გუგული მაღრაძე

კაცი დეპუტატების შფოთვას უპასუხეს პარლამენტარმა ქალებმაც. მათ პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ კვოტირების განხილვისას კაცები "ქალების შეურაცხყოფაზე" აპელირებდნენ.

მმართველი გუნდის დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ კვოტების წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი მასკულინური ბარიერია, რომელიც პარლამენტმა ვერ გადალახა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"1999 წლიდან სულ შემოდის ეს საკითხი, სულ ტრიალებს პარლამენტში და ვერცერთმა პარლამენტმა ვერ შეძლო, ვერ გადალახა, მაპატიეთ და ეს მასკულინური ბარიერი. [...]

სულ მიკვირს, რატომ ლაპარაკობენ კაცები ქალების სახელით. აქაც პარლამენტშიც, ისეც. ჰკითხეთ ქალებს, იგრძნობენ თუ არა შეურაცხყოფილად თავს, თუ იქნება კვოტები?

ან გამოკითხვები რომ ჩატარდა და საქართველოს მოსახელობის 70%-ზე მეტი მხარს უჭერს, რომ სიაში ყოველი მესამე იყოს ქალი, ეს თქვენთვის მონაცემი არ არის? მე მგონი ეს არის გასაზიარებელი მოსაცემი", — განაცხადა მან.

მაღრაძემ უპასუხა კაცი დეპუტატების კითხვას იმაზეც, რატომ არის საჭირო ხელოვნურად ქალთა რაოდენობის გაზრდა.

"საჭიროა იმიტომ, რომ რაც შეიძლება სრულად იყოს წარმოდგენილი როგორც ქალი მოსახლეობის, ისე კაცი მოსახლეობის ინტერესები. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ, ინტერესები რომ განსხვავებულია მაინც ქალების და მამაკაცების. 2012 წელში, როცა ჩვენ გვქონდა შეხვედრები რაიონებში და ვთხოვდით ეთქვათ, რა უნდათ რომ გაკეთდეს, როგორი განსხვავება იყო იცით? მამაკაცების უმრავლესობას ზოგ სოფელში უნდოდა ცენტრი, ქალების უმრავლესობას უნდოდა ფული საბავშვო ბაღს მოხმარებოდა. უკვე განსხვავებული ინტერესებია. თუ პარლამენტში ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს ექნება მეტი წარმომადგენლობა, უფრო აისახება ამ ჯგუფის ინტერესები.

თუკი ბუნებრივად ამ პროცესს დავუცდით ჩვენ, კვლევებმა აჩვენა, რომ 40 წელი უნდა ამას, რომ თავისთავად, თვითრეგულაციით მივიდეს", — განაცხადა მან.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მაღრაძის გამოსვლას მხარი დაუჭირა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამაც. მან კოლეგებს შენიშვნა მისცა, რომ განსხვავებულ სქესში მხოლოდ ქალი არ მოიაზრონ და შეურაცხყოფზე საუბრისას ის გაიხსენონ, როგორ "ავიწყდებათ" ქალი კანდიდატები სიების შედგენისას.

"ერთი მოკრძალებული თხოვნა ყველასთან — როდესაც საუბარია ყოველ ოთხში ერთი განსხვავებული სქესის ადამიანზე. აქ ლაპარაკია განსხვავებული სქესის ადამიანზე, არ არის საუბარი ყოველ სამში ან ყოველ ოთხში ერთი ქალზე, შეიძლება იყოს კაციც. ამიტომ, ვინც ამ ტერმინებს ვიყენებთ და განმარტებებს ვაკეთებთ, იქნებ სწორად განმარტოთ. რადგან მოწინააღმდეგის განცხადებებში არგუმენტი იყო, რომ ქალების შეყვანის ვალდებულების გამო თავი შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნოთ ქალებმა, მაგრამ იქ არ წერია, რომ განსხვავებულ სქესში მხოლოდ ქალები იგულისხმება.

თანაბრობაზეა ხაზგასმა, თანასწორობის იდეაზეა ხაზგასმა, ამიტომ ძალიან ღირებულია ეს და შეურაცხმყოფელი ის არის, როდესაც საარჩევნო სიის შედგენის დროს ყველა პარტიას სამწუხაროდ ავიწყდება ქალი კანდიდატები", — განაცხადა მან.

კვოტირების საკითხზე აზრი დააფიქსირა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ადა მარშანიამაც. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია კვოტირების წინააღმდეგია, მან კაც კოლეგებს განუმარტა, რომ ადგილის წართმევას არავის უპირებს და მიზანი ბალანსის მიღწევაა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"მამაკაცი კოლეგების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თქვენ დაგვითმოთ თქვენი ადგილები სიაში. ასე არ დგას საკითხი, ასე არ გაიგოთ ეს.

ასე არ აღიქვათ, რომ თქვენ არ იქნებით, ვიქნებით ჩვენ და ჩვენ თქვენ გართმევთ რაღაც სიაში ადგილს. ასე არ არის, ბალანსირება უნდა მოხდეს.

წარმოიდგინეთ სია პარტიის, რომელიც სულ ქალებისგან არის შედგენილი. როგორ აღიქვამთ თქვენ ასეთ რაღაცას?" — თქვა მარშანიამ და განაცხადა, რომ სჯობდა ამ საკითხზე დისკუსია გაემართათ იმისთვის, რათა კაც დეპუტატებს საკითხი უკეთ გაეგოთ.

საარჩევნო კოდექსს ორი მოსმენით კენჭი უკვე უყარეს და დაამტკიცეს. მესამე მოსმენა დღეისთვისაა შანიშნული. ბოიკოტის რეჟიმის გამო სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობა გენდერულ კვოტებს მხარს უჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებათა პაკეტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, გენდერული კვოტები დღესაც აქტიური განხილვის თემა იყო.ეკა ბესელიამ კოლეგებს ალტერნატივა შესთავაზა, რომ სიაში ყოველი მეოთხეს ნაცვლად, ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ჩაეწერათ, თუმცა მის ინიციატივას 149 დეპუტატიდან, მხოლოდ 6-მა დაუჭირა მხარი.