ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღეს. ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო ხმის მიცემა 25 ივნისს დაიწყო და პირველ ივლისს დასრულდება. კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები მოიცავს პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულებას, რის შემთხვევაში მას საშუალება ექნება პრეზიდენტი 2036 წლამდე იყოს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ხმის მიცემა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მიმართულია სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებისკენ, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება რუსეთის მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე", — განაცხადა ბჟანიამ.

ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხმა თავისი რეზიდენციიდან მისცა, სადაც იზოლაციაში იმყოფება. როგორც მან განაცხადა, ხმის მიცემაში მონაწილეობა რუსეთის ყველა მოქალაქის ვალია. ამასთან, მან განაცხადა, რომ შესწორებების შეტანა კონსტიტუციაში აუცილებელია.

ფოტო: Cominf.org