პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად: ბონდო მძინარაშვილი, გია მურღულია და ზაზა აბაშიძე დაამტკიცა. ბორდის წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, დოდო შონავამ კი ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპავა, მას მხარი 44-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რაც შეეხება გია მურღულიას კანდიდატურას, ის უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და მხარი 92-მა დეპუტატმა დაუჭირა, ბონდო მძინარაშვილი და ზაზა აბაშიძე კი უმრავლესობის გარეთ მყოფმა პარლამენტის წევრებმა წარადგინეს. მძინარაშვილის კანდიდატურას 95 მხარდამჭერი ჰყავდა, აბაშიძეს კი 98.

ეს ადგილები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გია იაკობაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ნინია კაკაბაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ.

ბორდის წევრების დამტკიცებამდე, 29 ივნისს, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აცხადებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა.

ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა, მათივე განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს "ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა" უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9.

"შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე სულ 9 კანდიდატურა მონაწილეობდა, ხოლო გასაუბრებაზე 8 მათგანი გამოცხადდა. კანდიდატების არასაკმარისი რაოდენობის მიუხედავად, შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 8 პირის სია წარუდგინა", — აღნიშნავენ TI-ში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა.