მკვლევრებმა 8 ათასი წლის წინ შვედეთის ტერიტორიაზე მცხოვრები 50 წელს გადაცილებული სკანდინავიელი კაცის სახე აღადგინეს. მისი თავი ხის სარზე იყო წამოგებული, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს მისი სიკვდილის შემდეგ სადემონსტრაციო მიზნით იყო გაკეთებული. კაცის სახის რეკონსტრუქციის წყალობით კი იმის ხილვა გახდა შესაძლებელი, თუ როგორ გამოიყურებოდა იგი.

არქეოლოგებმა კაცის თავის ქალა სხვა რვა ზრდასრულისა და ერთი ბავშვის ძვლებთან ერთად 2012 წელს შვედეთში, ქალაქ მუტალაში იპოვეს.

ტერიტორია, სადაც ნამარხები აღმოაჩინეს, განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი ძალიან უჩვეულოდ იყვნენ განლაგებულნი. ადამიანების საფლავი, რომელიც ასევე ცხოველების ძვლებსაც შეიცავდა, პატარა ტბის შუაგულში ჩაძირული ქვის ზედაპირზე იყო განთავსებული. მკვლევრებმა ხის სარის ნარჩენები ორი კაცის თავის ქალაში იპოვეს.

იმისთვის, რომ ამ უძველესი ადამიანის სახე გვეხილა (რომელსაც ლუდვიგი უწოდეს), მკვლევრებმა თავის ქალა დაასკანერეს და მისი 3D ასლი შექმნეს, შემდეგ კი არსებული გენეტიკური მონაცემების მიხედვით თმისა და თვალის ფერი აღადგინეს.

"ყბის ძვალი არ გვაქვს, შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია თავის ქალის მიხედვით მომიწია", — განაცხადა რეკონსტრუქციის შექმნელმა, ოსკარ ნილსონმა.

ფოტო: Oscar Nilsson

არქეოლოგიური გათხრებისას რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ნამარხებს ყბის ძვლები განზრახ მოაშორეს ან რომ ისინი თავის მოკვეთის შედეგად გარდაიცვალნენ, არ არსებობს.

მკვლევრებმა ლუდვიგის სიკვდილის მიზეზი არ იციან. სახის რეკონსტრუქციის დროს მისი თავის ქალის ზემოთა ნაწილზე არსებული პატარა ჭრილობაც გათვალისწინებულია, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ამ ტრავმისგან განიკურნა. ამასთან, სხვა ადამიანთა ნამარხებსაც აღენიშნებათ ტრავმები: ქალებს თავის მარჯვენა და უკანა მხარეებზე, ხოლო კაცებს თავის ქალების ცენტრში. ამ ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორც ჩანს, მათზე იზრუნეს და ნაიარევები მოუშუშეს.

ეს პირველი აღმოჩენაა, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ მეზოლითური ხანის მონადირე-შემგროვებლები ადამიანთა თავის ქალებს სარზე აცვავდნენ. აქამდე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით ვარაუდობდნენ, რომ იმ ხანაში მცხოვრებნი სიკვდილის მერე ადამიანთა სხეულებს პატივს სცემდნენ, თავის მოკვეთის პრაქტიკა კი მხოლოდ მოგვიანებით პერიოდში დამკვიდრდა.

ინტერესს იწვევს ლუდვიგის სამოსი და ის ფაქტიც, რომ ადამიანთა გვერდით ცხოველთა ძვლებიც აღმოაჩინეს: "მას ველური ტახის კანისგან შექმნილი მოსასხამი აცვია. ადამიანის ძვლებთან ერთად ტახის ძველების პოვნა კი ნიშნავს, რომ ამ ცხოველთან დაკავშირებით გარკვეული კულტურული და რელიგიური რწმენები ჰქონდათ", — აცხადებს ნილსონი.

რაც შეეხება ლუდვიგის ვარცხნილობას, ნილსონის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ხალხი დაინტერესდება, თუ როგორ იჭრიდა იგი ამგვარად თმას. შესაძლოა, ეს მას ბასრი ხელსაწყოთი ექნა, თუმცა კაცს "სტილისტის" დახმარება მაინც დასჭირდებოდა.

ნილსონს იმედი აქვს, რომ სახის რეკონსტრუქცია ადამიანებს არა მხოლოდ ისტორიასთან და არქეოლოგიასთან დაახლოებს, არამედ მათ მეცნიერების იმ ძალის დაფასებაშიც დაეხმარება, რომლის მეშვეობითაც ლუდვიგის სახის დანახვა მისი სიკვდილიდან 8 ათასი წლის შემდეგ შევძელით.