ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში ბაზას დროებით აუქმებს. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ამასთან, Wizz Air-მა ამ თემაზე განმარტებითი განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზადაა ეპისდიტუაციიდან გამომდინარე აღადგინოს ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და შემდეგ დაამატოს კიდევ ახალი მიმართულებები.

"აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ.

Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას", — წერია განცხადებაში.

დღეს, პირველ ივლისს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა, რომ დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის "წმინდა ტექნიკური საკითხი".

"ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიზეარს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს. მთავრია, რომ ვიზეარი არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, ვიზეარი გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს", — აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური On.ge-სთან განმარტავს, რომ ბაზის გაუქმება არ ნიშნავს ბაზრიდან გასვლას. მისი თქმით, ბაზის გაუქმების შემთხვევაში ფრენები მაინც დარჩება, განსხვავება კი ის იქნება, რომ ქართველები ვეღარ დასაქმდებიან ბორტზე:

"ბაზირებული ნიშნავდა, რომ ქართველი სტაფი იყო დასაქმებული და კომპანია აეროპორტში იყო დაბაზირებული. მაგალითად, რაინეარი საერთოდ არ არის ბაზირებული. ეს აეროპორტებისთვის და ავიაკომპანიების ურთიერთობისთვისაა და ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაიგებს".