დიდი დრო არ გასულა, რაც პენელოპე კრუზი პედრო ალმოდოვარის ფილმში იხილეთ?

მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ამ ორ კინოხელოვანს ერთმანეთი ძალიან უყვართ და მუდმივად უნდა ველოდოთ მათ ყოველ ახალ თანამშრომლობას.

ფოტო: Sony Pictures

Variety-ის ცნობით, თანამედროვე ესპანელი რეჟისორი ახალ ფილმზე Madres Paralelas გადაღებაზე უკვე აქტიურად ფიქრობს, რომელზეც წინასაპროდუქციო სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება, გადაღებები კი 2021 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში კინოწარმოება შეჩერდა, თუმცა, როგორც ჩანს, კარანტინში გატარებული სამი თვე ალმოდოვარმა ახალი პროექტის სცენარის დასასრულებლად გამოიყენა და იმედია, პანდემია ხელს აღარ შეუშლის, რომ მისი ეკრანზე გაცოცხლებაც მალევე შეძლოს.

ალმოდოვარის შემოქმედების მოყვარულებს არ გააოცებთ ის ფაქტი, რომ მისი შემდეგი ფილმის სიუჟეტიც მთლიანად დედასთან დაკავშირებული თემატიკით იქნება სავსე: სცენარი ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთ დღეს გააჩენენ შვილებს და ფილმიც სწორედ მათი პარალელური ცხოვრების ირგვლივ განვითარდება.

პენელოპე კრუზი ფილმში All About My Mother.

ფოტო: Warner Sogefilms

პედრო ალმოდოვარის სხვა დანარჩენი ფილმების მსგავსად Madres paralelas-იც ესპანურენოვანი კინოსურათი იქნება, რომელსაც ქალაქ მადრიდში გადაიღებენ.

პენელოპე კრუზს აქამდე ამ ცნობილი რეჟისორის ისეთი საკულტო ფილმებში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა All About My Mother და Volver. ის ასევე ვიხილეთ გასულ წელს გამოსულ ალმოდოვარის ჯერჯერობით ბოლო ფილმში Pain And Glory, რომელმაც ოსკარის ნომინაციაც კი დაიმსახურა.

რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ალმოდოვარი პირველ ინგლისურენოვანი ფილმის გადაღებას აპირებდა, რომელშიც მთავარ როლს ტილდა სუინტონი შეასრულებდა. თუმცა, როგორც ჩანს, მანამდე ალმოდოვარი კვლავ მშობლიურ კინოსურათს შემოგვთავაზებს პენელოპე კრუზის მონაწილეობით.