კლიმატის სწრაფ ცვლილებაზე საუბრისას ყურადღება, როგორც წესი, ყინულის საფარის დნობასა და ამინდის ექსტრემალური ცვლილების მაგალითებზე მახვილდება ხოლმე. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ფენომენის ზემოქმედება ცხოველთა სხვადასხვა სახეობაზე.

პლანეტის დათბობა, მართლაც, მრავალ ცოცხალ ორგანიზმზე (მათ შორის, ადამიანებზეც) ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა, როგორც ჩანს, ობობების ერთი სახეობა მომატებული ტემპერატურისგან, პირიქით, სარგებელს იღებს.

ჟურნალში, Proceedings of the Royal Society B, გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ არქტიკაში ზაფხულის განმავლობაში ობობა-მგლები გაორმაგებული რაოდენობით — ორჯერ დებენ კვერცხებს.

არქტიკის დათბობა აქამდე უკვე დაუკავშირეს მცენარეთა ზოგიერთი პოპულაციის მომატებას, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა ნახეს, რომ კლიმატის ზემოქმედება უხერხემლოთა რეპროდუქციის უნარის გაუმჯობესებას იწვევს. გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ზაკენბერგის სადგურზე მკვლევრები უკვე ორი ათწლეულია, რაც ამ სახეობის წარმომადგენლებს სპეციალურ ორმოებში მოწყობილ ხაფანგებში იჭერენ და აკვირდებიან.

რადგან ობობა-მგლები აბრეშუმის პარკში გახვეულ თავიანთ კვერცხებს თან დაატარებენ, იმის დათვლა, თუ რა რაოდენობის კვერცხს ყრის სახეობის ერთი წარმომადგენელი, არც თუ რთული ამოცანაა. მკვლევრებმა დაჭერილი ობობების კვერცხები სხვადასხვა სეზონზე დაითვალეს და აღმოაჩინეს, რომ არქტიკის მოკლე ზაფხულის განმავლობაში ისინი ერთის ნაცვლად ორ აბრეშუმის პარკს დაატარებენ. მსგავსი ფენომენი დედამიწის თბილ რეგიონებში ერთობ გავრცელებულია, თუმცა არქტიკაში პირველად შენიშნეს.

არქტიკაში ყოველწლიურად, ზაფხულის მოახლოებისას თოვლი სულ უფრო ადრე იწყებს დნობას, რაც ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას გამრავლების სეზონს უხანგრძლივებს.

ფოტო: Jorg U. Hammel

"ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები გვაქვს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ არქტიკაში მცირე ზომის ცხოველები კლიმატის ცვლილებასთან ერთად ახლებურ ქცევებს გამოიმუშავბენ", — აღნიშნავს ტოკე ჰოიე არქტიკული კვლევითი ცენტრიდან, — "მსგავსი ცვლილებები აქამდე არავის აღუწერია და, როგორც ჩანს, ეს ფენომენი არქტიკულ მწერებსა და ობობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს".

ობობა-მგელი, Pardosa glacialis, არქტიკულ ტუნდრაში უკვე ისედაც ძალიან გავცრელებულია. ასე რომ, თუ გამრავლების მომატებული ტემპი ნორმად იქცევა, ამან იმ სახეობების განადგურება შეიძლება გამოიწვიოს, რომლებზეც ობობები ნადირობენ. ნებისმიერი სახეობის მტაცებლის პოპულაციის სწრაფი ზრდა ყოველთვის საგანგაშოა, რადგან ეკოსისტემის ბალანსს უქმნის საფრთხეს.

"ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ შეიცვლება ეკოსისტემა", — აღნიშნავს ჰოიე, — "თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ მომატებული ტემპერატურის არქტიკის ეკოსისტემებზე გავლენის შესწავლისას სახეობათა რეპროდუქციული ქცევის ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული".