ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება- დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან ასევე, განისაზღვრება მსგავსი მასალების დამუშავების წესი.

"სამშენებლო, სარემონტო მასალები, საბურავების გაყიდვა, აალებადი ნივთიერებები ქალაქის ცენტრალურ უბნებში აბსოლუტურად უსისტემოდ არის განთავსებული. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი დედაქალაქისთვის, ასევე, ამ კონკრეტულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის", — განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს დაავალა, რომ იმ მეწარმეებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა ცვლილებებისთვის დროულად მოემზადონ.

როგორც მერმა თქვა, მსგავსი მასალების წარმოება-განთავსებისთვის შესაბამისი კანონი უკვე მიიღეს და საკრებულომ რეგულაციები დაამტკიცა. კანონის აღსრულება კი 2021 წლიდან უნდა დაიწყოს.