And Then We Danced-ის რეჟისორი, ლევან აკინი ამერიკის კინოაკადემიამ ახალ წევრად მიიწვია. სულ კინოაკადემიამ წევრობისთვის 819 ადამიანი მიიწვია.

როგორც კინოაკადემიაში აცხადებენ, მიწვეულ წევრებს შორის ოსკარზე ნომინირებული 75 პირია, მათ შორის 15 გამარჯვებული. ახალ წევრებს ოსკარზე ხმის მიცემის უფლება ექნებათ.

ლევან აკინი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორია, რომელმაც პოპულარობა გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმით, And Then We Danced-ით მოიპოვა. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად 2019 წლის კანის კინოფესტივალზე, სადაც საუკეთესო ფილმებში მე-7 ადგილი დაიკავა. მთავარი როლის შემსრულებელი, ლევან გელბახიანი კი ამერიკულმა ჟურნალმა კანის ყველაზე ნიჭიერ 15 ვარსკვლავში დაასახელა.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი And Then We Danced შვედეთის სახელით ოსკარების დაჯილდოებაზეც გაიგზავნა.