ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. მან ამის მაგალითად პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ენმ-ს ადა მარშანიასა და ემზარ კვიციანის კენჭისყრიდან ჩამოშრება უნდოდა. რუსთავი 2-ზე ღამის კურიერში საუბრისას იგი ამბობს, რომ ოპოზიცია "აქტიურად მუშაობდა" ამაზე.

"ჯერ კიდევ პირველ მოსმენამდე მათ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ჩამოაშორეს კენჭისყრას. უშუალოდ, პირველი მოსმენის წინ მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ემზარ კვიციანი, მეორე მოსმენამდე მათ კენჭისყრას ჩამოაშორეს ადა მარშანია. მაგალითად, მეორე მოსმენისას ვიკითხეთ სად იყო ადა მარშანია, გვითხრეს რომ ჰქონდა წნევა და ვერ ჩამოდიოდა რაჭიდან. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით, სად იყო ადა მარშანია და იგი იყო ქობულეთში", — ჰყვება კობახიძე თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს და ამბობს, რომ "დეტალებში ვერ შევა".

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

პარლამენტში კენჭისყრამდე მოძრაობა #სირცხვილიასა და შეცვალეს წევრებმა, ასევე, გიორგი რურუას მეგობრებმა აქცია გამართეს. ისინი 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის ბოლომდე შესრულებას ითხოვდნენ.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალა და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფდა. 2 პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

არსებულ ცვლილებებს სამი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რის მიზეზადაც რურუას პატიმრობა დაასახელა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეორე და მესამე მოსმენაზე არ მივიდა.