თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს მუხტარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ დაუდასტურა. მისი თქმით, იგი საქართველოში ივლისის მეორე ნახევარში ჩამოვა, რათა პროკურატურას თავის საქმეზე ჩვენება მისცეს.

17 მარტს მუხტარლი გათავისუფლების შემდეგ ციხიდან პირდაპირ გერმანიაში გაამგზავრეს. იქ ის ოჯახთან ჩავიდა.

მუხტარლის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფრომაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა.

მუხტარლის აზერბაიჯანში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა იგი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს.

თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. იგი ამბობს, რომ საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.

მუხტარლის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, აზერბაიჯანის მმართველი გუნდის პარლამენტარმა ელმან ნასიროვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ მუხტარლის დაკავება აზერბაიჯან-საქართველოს სპეცსამსახურების წარმატებული ოპერაცია იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს.