პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირი 15 უსაფრთხო ქვეყანაზე შეთანხმდა, ახლა უკვე, უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აგრძელებენ კონსულტაციებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

"განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა", — ამბობს პრემიერი და

პრემიერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას უხდის ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის:

"დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს. საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით".

დღეს, 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. საბჭოს განცხადებაში წერია, რომ სია ყოველ ორ კვირაში განახლდება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, ან პირიქით.

მოგზაურთა დასაშვებად, მესამე ქვეყნებისთვის განმსაზღვრელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა, ფიზიკური დისტანცია და ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.