რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც მათ შორის უფლებას აძლევს 2036 წლამდე პრეზიდენტი იყოს.

თავისი მიმართვის დროს პუტინი ახალი ძეგლის წინ იდგა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარისკაცების თავდადებას მიეძღვნა. პუტინმა რუს მოქალაქეებს პატრიოტიზმისკენ მოუწოდა, თუმცა მას არ უსაუბრია საპრეზიდენტო ვადების განულებასა და ამის პოლიტიკურ შედეგზე არ უსაუბრია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი თქვენგანი ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში ფიქრობს თავის ახლობლებზე და ეყრდნობა ღირებულებებს, რომლებიც ყველა ჩვენგან აერთიანებს, ესაა სიმართლე და სამართლიანობა, ადამიანის შრომისა და უფროსი თაობის დაფასება, ესაა ოჯახი და შვილებზე, მათ ჯანმრთელობაზე, ზნეობრიობასა და სულიერ აღზრდაზე ზრუნვა", — განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინი ამტკიცებს, საკონსტიტუციო ცვლილებები ამ ღირებულებებს კონსტიტუციაში გაამყარებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა 25 ივნისს დაიწყო და 1-ლ ივლისს დასრულდება. ამ ხნის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამომრჩეველს ხმის მისაცემად ლატარეის ბილეთებითა და ფულადი პრიზებით იზიდავდა.

რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შედის. ერთ-ერთ ცვლილებად განიხილება პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის განულება, რის შემთხვევაშიც მეორე ვადის დასრულების შემდეგ, 2024 წელს იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ისევ შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო რუსეთის პარლამენტმა და რეგიონულმა საკანონმდებლო ორგანოებმაც დაუჭირეს მხარი. მის კონსტიტუციურობაში ეჭვი არ შეჰპარვია რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ამის შემდეგ კი ცვლილებები საყოველთაო კენჭისყრაზე გავიდა.