ასტრონავტები დიდი ხანია, რაც ამბობენ, რომ მათ კოსტუმებზე კოსმოსი სპეციფიკურ სუნს ტოვებს. სხვადასხვა ასტრონავტი მას დენთის, დამწვარი ხორცის ან ჟოლოს სუნსაც კი ადარებს.

"თავდაპირველად იგი ჰაერში შევნიშნე, შემდეგ ეს სუნი კოსტუმზე, ჩაფხუტზე, ხელთათმანებზე და სხვადასხვა ხელსაწყოზე იყო. იგი უფრო მეტად ნაჭრებზე რჩებოდა, ვიდრე მეტალზე ან პლასტმასზე", — განაცხადა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეცნიერმა დონ პეტიტმა.

ახლა კი ამ სუნის შეგრძნება აქ, დედამიწაზეც იქნება შესაძლებელი. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია Omega Ingredients-ის განცხადებით, მათ ისეთი სუნამო შექმნეს, რომელსაც კოსმოსის სუნი აქვს.

კომპანიას იმედი აქვს, რომ სუნამო, რომელსაც Eau de Space ჰქვია, ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება. Omega-ს დამფუძნებელმა სტივ პირსმა პირველად NASA-სთან კონტრაქტს 2008 წელს მოაწერა ხელი, რათა მას კოსმოსის სუნამო შეექმნა, თუმცა ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

"საუკეთესო დახაიათება, რაც კი მსმენია, მისი მეტალის სუნთან შედარებაა. ეს მეტნაკლებად სასიამოვნო და ტკბილი სურნელია", — განაცხადა პეტიტმა.

NASA-ს აპოლოს მისიის დროს ასტრონავტებმა ასევე შეამჩნიეს, რომ მთვარის მტვერს დამახასიათებელი სურნელი ჰქონდა, რომელიც დენთის სუნს მიამსგავსეს.

"კოსმოსს ნამდვილად აქვს ისეთი სუნი, რომელიც სხვას არაფერს გააჩნია", — განაცხადა პილოტმა დომინიკ ანტონელიმ.

სუნი, როგორც ჩანს, დიდადაა დამოკიდებული ინდივიდზე, რადგან ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ასტრონავტი მას სხვადასხვა რამეს ადარებდა — იქნებოდა ეს გოგირდის თუ რომის სუნი.

თუმცა, სხვა პლანეტების ზედაპირები, დიდი ალბათობით, გაცილებით მძაფრი სუნებით გამოირჩევიან. მაგალითად, მარსის რკინის, გოგორდის, მჟავებისა და ნახშირორჟანგის მომაკვდინებელი ნარევი, შესაძლოა, გაფუჭებული კვერცხის სუნს ჰგავდეს. ხოლო თუკი იუპიტერზე აღმოჩნდებოდით, იმის გამო, რომ მისი შედარებით მსუბუქი ფენები ძირითადად ამიაკისგან შედგება, სავარაუდოდ, დასასუფთავებელი პროდუქტებისა და შარდის სუნს იგრძნობდით.