საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში უბნის მიმდებარედ ადამიანების შეკრება 100 მეტრის რადიუსში აიკრძალოს. ამ თემაზე კომენტარი მან ფორმულასთან გააკეთა.

"ყველაზე საკვანძო, მათ შორის, ეს არის ამომრჩევლის მხრიდან ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლი. ჩვენ გვინახავს წლების განმავლობაში, როცა საარჩევნო უბნების მიმდებარედ იკრიბება ბევრი ადამიანი, კოორდინატორები, ან ის პირები ვისაც უშუალო შეხება არ აქვს საარჩევნო პროცესთან, ეს შეზღუდვა უნდა იყოს 100 მეტრის რადიუსი და არა 25 როგორც შემოთავაზებულ ვერსიაშია", — თქვა სულხან სალაძემ.

სალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საია მხარს უჭერს გენდერული კვოტირების ნაწილს და მიიჩნევს, რომ პარლამენტში განსხვავებული სქესის წარმომადგენლები 50%-ს უნდა შეადგენდნენ.

საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, ახალი 25-მეტრიანი წესი შემოდის, რომლის მიზანიც საარჩევნო უბანთან აგიტაციის გაკონტროლებაა. კერძოდ, საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება სააგიტაციო მასალების განთავსება, ასევე, ამ რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება.

ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად უნდა იყოს მითითებული განსხვავებული სქესის წარმომადგენელი და თუ ქალი გამოაკლდება სიას, მას ისევ ქალი ჩაანაცვლებს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 30 ივნისს განიხილეს.

გაიგეთ მეტი: