100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვაც სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, აქამდე მხოლოდ 100 ლარის ზევით თანხით მოსყიდვა იყო სისხლის სამართლის დანაშაული, ახლა კი 100 ლარამდე თანხით მოსყიდვაზეც სისხლის სამართლებრივი სანქცია გატარდება, კერძოდ, ჯარიმა.

საარჩევნო კოდექსის ახალი ვერსია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით არის შემუშავებული და ის მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს სხვადასხვა კანონებში.

საარჩევნო კოდექსის ახალი ვერსია, რომელსაც იურიდიულ კომიტეტთა სხდომაზე განიხილავენ, გენდერულ კვოტირებას, უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის საკითხების კონტროლს ითვალისწინებს.