მმართველი გუნდის დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესი იცვლება. მისი თქმით, ახალი რეგრესული დაფინანსების მოდელი შემოაქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ პირველი 50 000 ხმის მიღებისას პარტია თითო ხმაზე 15 ლარის დაფინანსებას მიიღებს, 50 000-ზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე კი 5 ლარს.

"ფორმულის შინაარსი შემდეგია: პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის, პოლიტიკური პარტია მიიღებს დაფინანსებას თითოეულ ხმაზე 15 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გარკვეული პარტია აიღებს დაახლოებით 3%-ს არჩევნეში, რაც უდრის 50 000 ხმას, ამ შემთხვევაში ის დაფინანსების სახით მიიღებს 750 000 ლარს.

ამას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%, შესაბამისად ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.

რაც შეეხება შემდეგ ხმებს, 50 000-ის ზევით, აქ თითოეული ხმისთვის მიიღებს პოლიტიკური პარტია უკვე 5 ლარს", — განაცხადა კობახიძემ იურიდილ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კობახიძის განმარტებით, დაფინანსების ახალი წესი უპირატესობას მიანიჭებს მცირე პარტიებს დიდ პოლიტიკურ ძალებთან შედარებით. მისივე თქმით, ამ კანონპროექტით ცვლილებები შევა კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და გაუქმდება დაფინანსების სხვა წესები.

დღეს, 30 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსიც განიხილეს, რომელიც გენდერულ კვოტირებას, უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის საკითხების კონტროლს ითვალისწინებს.