აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩევლის, მაიკლ კარპენტერის აზრით, მმართველ პარტიას არამხოლოდ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უნდა შეეწყალებინა, არამედ გიორგი რურუასთვის ბრალდებები უნდა მოეხსნა. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც კარპენტერი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციას ახალ და უფრო თანაბარ "მოედანს აძლევს", მაგრამ არც ისეთ უპირატესობას, რომ მმართველ პარტიას ამის ეშინოდეს.

"რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას. ვფიქრობ, სრულიად მისაღები იქნებოდა, მმართველ პარტიას არა მხოლოდ ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შეეწყალებინა, არამედ გიორგი რურუასთვის ბრალდებები მოეხსნა, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. აცხადებენ რომ სასამართლოში მიმდინარე საქმეა, სამართლებრივი პროცესია. მე კი ვისურვებდი პირიქით მენახა, ეს შექმნიდან უკეთეს გარემოს", — აღნიშნა კარპენტერმა, რომლის საუბრის თარგმანს მთავარი არხი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს. 2 პოლიტიკოსი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობდა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეოერე და მესამე მოსმენაზე არც ისინი მივიდნენ.