ათასი წლის განმავლობაში უძველესი მაიას ცივილიზაციის ქალაქი ტიკალი ამერიკის კონტინენტის ურბანულ ცენტრად მიიჩნეოდა. თუმცა, ეს სამხრეთამერიკული ქალაქი, მაიას ტომის სხვა ქალაქებთან ერთად, მეცხრე საუკუნეში იდუმალი მიზეზების გამო დაცარიელდა.

ტიკალის რეზერვუარების კვლევა მაიას ქალაქების მყისიერ დაცარიელებას მეტ ნათელს ჰფენს. ცინცინატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გვატემალაში მდებარე უძველესი ქალაქის ნანგრევები დეტალურად გამოიკვლიეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ ტიკალის წყლის საცავები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდა, რის გამოც, როგორც ჩანს, არაერთმა ქალაქმა სასმელი წყლის სანდო რესურსი დაკარგა.

ტიკალი ადრეული ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო

ტიკალი ადრეული ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო

ფოტო: Paris National Library

აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა დასახლებისგან განსხვავებით, ტიკალი მდინარეებისგან და ტბებისგან მოწყვეტილი გახლდათ, რის გამოც ქალაქი მთლიანად წვიმის წყალზე იყო დამოკიდებული. თუმცა, ხანგრძლივი გვალვების და დაბინძურებული წყალსაცავების გამო, როგორც ჩანს, ქალაქის 100 ათასამდე მაცხოვრებელი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

"ტიკალის ცენტრალური რეზერვუარების სიცოცლხის წყაროს ავადმყოფობის მიზეზად გარდაქმნამ ამ გასაოცარი ქალაქის მიტოვება განაპირობა", — ამბობენ მეცნიერები ახალ კვლევაში, რომელიც Nature-ში გამოქვეყნდა.

წყლის საცავიდან აღებული მასალები სხვადასხვა ტიპის ციანობაქტერიების (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე) კვალს შეიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზმები წყალსაცავებში, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ, გვალვამ მათი ყვავილობა უფრო ინტენსიური გახდა, რის გამოც სასმელი წყალი მომწამვლელად იქცა.

შეგროვებული ნაცხების ანალიზმა ისიც აჩვენა, რომ წყალსაცავებში მერკურის მაღალი შემცველობაც იყო, რაც ადამიანებისთვის ძალიან ტოქსიკურია.

მეცნიერი ჩადის წყლის რეზერვუარში

მეცნიერი ჩადის წყლის რეზერვუარში

ფოტო: Nicholas Dunning

ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობა, სავარაუდოდ, მაიას ცივილიზაციის მიერ გამოყენებული საღებავის ბრალია. ქალაქ ტიკალში კედლების მოხატვისთვის წითელი შეფერილობის მინერალს, ცინაბარს იყენებდნენ, რომელიც მერკურის სულფიდის ერთ-ერთი ფორმაა.

წვიმამ დროთა განმავლობაში საღებავი ჩამორეცხა, რის გამოც მერკური სასმელ წყალშიც აღმოჩნდა. "დაბინძურებულ წყალს ხალხისა და მმართველი ელიტის ჯანმრთელობაზეც უარყოფითი გავლენა ექნებოდა", — ამბობენ მკვლევრები.

იმავე პერიოდში მაიას ტომისთვის ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენდა არიდიზაცია (ჰავის გამშრალება) და ჰაბიტატის დეგრადაცია. ეს გარემოებები და სასმელი წყლის ნაკლებობა, როგორც ჩანს, მოსახლეობისთვის სახლების მიტოვების მიზეზად იქცა, რამაც მაიას ამ დიდებულ ქალაქს ბოლო მოუღო.