ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილის პარტიის რიგებში ყოფნა არ განიხილება, რადგან მას გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. ამ თემაზე ვაშაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ვანო მერაბიშვილს გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია, შესაბამისად არავითარი მიზეზი და საბაბი არ არის ამ საკითხის განხილვის. ადამიანმა 7 წელი გაატარა საპყრობილეში, კონსტიტუციის, სახელმწიფოს, საზოგადოების და მოქალაქის წინაშე სუფთაა, იმაზე ნუ შევალთ დავაში ვინ როგორ ვთვლით, ეს ბრალდებები მართლა მოტივირებული იყო თუ არა", — თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

რამდენიმე დღის წინ პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა. მათი ინფორმაციით, მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ ოლქში (ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები) იქნებოდა კანდიდატი.

ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.

მერაბიშვილმა 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

"სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია", — ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შევიდა ძალაში აღსასრულებლად.

14 ივნისს, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან ერთად. მერაბიშვილის იმჟამიდელი ადვოკატი, ოთო კახიძე განმარტავდა, რომ კონვენციის მე-18 მუხლს მეხუთესთან ერთად ადგენენ მაშინ, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით ხდება პატიმრობის შეფარდება. კონვენციის მე-18 მუხლი უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს ეხება და ადგენს, რომ "ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის".