ჩინეთის მთავრობამ ფარმაკოლოგიური კომპანიის, CanSino-ს მიერ წარმოებულ COVID-19-ის ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო და სამხედროების აცრის ნება დართო. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვაქცინამ კლინიკური კვლევის პირველ ეტაპზე უსაფრთხოება და ეფექტიანობა აჩვენა.

CanSino-ს Ad5-nCoV ვაქცინა ჩინეთის სხვა 8 კანდიდატს შორის ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომლის ეფექტიანობაც ადამიანზე გამოსცადეს. ვაქცინამ კლინიკური კვლევის ეტაპამდე კანადაშიც მიაღწია.

ჩინეთის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ ვაქცინის გამოყენებაზე ბრძანება 25 ივნისს გასცა, ხოლო ვაქცინაციის პერიოდად 1 წელი დაისახა. აღსანიშნავია, რომ CanSino ამ პროექტზე ჩინეთის სამხედრო-სამეცნიერო აკადემიის (AMS) კვლევით ინსტიტუტთან ერთად მუშაობს. AMS-მა თვის დასაწყისში სხვა ექსპერიმენტულ ვაქცინასაც მისცა ადამიანებზე კვლევის უფლება.

"Ad5-nCoV ამჟამად შეზღუდულ მოხმარებაშია, მხოლოდ სამხედროებისთვის. შემდგომი, უფრო ფართო ვაქცინაცია მანამ არ დაიწყება, სანამ ამის ნებას ლოგისტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტი არ გასცემს", — განაცხადა CanSino-მ.

ჩინეთის სამხედრო კომისიის ამ განცხადებას წინ უსწრებდა სახელმწიფოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო სტრუქტურის იმ თანამშრომლებს, რომელთაც ქვეყნის დატოვება უწევთ, არჩევანი ორ სხვა ექსპერიმენტულ ვაქცინას შორის შეუძლიათ გააკეთონ.

CanSino-ს კლინიკური კვლევის პირველ და მეორე ფაზაში ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. მიუხედავად ამისა, კომპანიის განცხადებით, წარმატების შემთხვევაშიც კი კომერციული სარგებელი მოსალოდნელი არ არის. Reuters-ის თქმით, ფარმაკოლოგიური კომპანია ვაქცინაციის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. შესაბამისად, უცნობია, ექსპერიმენტული ვაქცინით იმუნიზაცია სავალდებულო თუ ნებაყოფლობით სახეს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არაა კომერციული გამოყენებისთვის დაშვებული, თუმცა ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით ათობით ვაქცინა უკვე ადამიანებზე გამოცდის ფაზას გადის.