თბილისში კაცმა ქალის დაწვა სცადა. დაზარალებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

"ამ წუთას მდგომარეობა არის სტაბილური, დამწვრობის შოკიდან ჯერჯერობით არ არის გამოსული. საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს, ქვემო კიდურები აქვს დამწვარი. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, 37%-იანი დამწვრობით. მძიმე დიაგნოზია, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგია აქვს დაზიანებები მიღებული", — უთხრა On.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული, 24 წლის შ.გ. უკვე დაკავებულია და დანაშაულს აღიარებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", — ამბობენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.