ანტარქტიდის ტემპერატურა სეზონების და რეგიონების მიხედვით საკმაოდ ცვალებადია. წლების მანძილზე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მიუხედავად კონტინენტის ტემპერატურის სწრაფი მატებისა, სამხრეთ პოლუსი შედარებით გრილი დარჩებოდა.

თუმცა, ახალი მონაცემების მიხედვით, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამხრეთ პოლუსი 3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დანარჩენი კონტინენტი. ახალი ზელანდიის, ბრიტანეთის და აშშ-ის მკვლევრებმა 60 წლის ტემპერატურის მონაცემები შეაგროვეს და კომპიუტერული მოდელირებით სამხრეთ პოლუსის დათბობის დაჩქარებული ტემპის მიზეზებზე კვლევა გამოაქვეყნეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ წყნარი ოკეანის ტემპერატურის დათბობამ სამხრეთ ნახევარსფეროს წყლებში ატმოსფერული წნევის კლება გამოიწვია — განსაკუთრებით კი ვედელის ზღვაში. ამან სამხრეთ პოლუსისკენ მიმავალი თბილი ჰაერის დინებას ხელი შეუწყო და, 1989 წლიდან მოყოლებული, ტემპერატურის 1,83 გრადუსით დათბობა გამოიწვია.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დათბობის მსგავსი ტენდენცია, სავარაუდოდ, სათბური აირების ემისიებმა განაპირობეს.

"მართალია, მეოცე საუკუნეში დასავლეთ ანტარქტიდაზე და ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე ტემპერატურა მატულობდა, მაგრამ სამხრეთ პოლუსი გრილდებოდა", — ამბობს კვლევის თანაავტორი კაილ კლემი, — "ჩვენ გვეგონა, რომ ანტარქტიდის ეს ნაწილი დათბობისადმი იმუნური იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის".

ახალი მონაცემების მიხედვით, სამხრეთ პოლუსი ყოველ ათწლეულში 0,6 გრადუსით თბება, რაც დანარჩენი პლანეტის მაჩვენებელთან შედარებით სამჯერ მეტია. კვლევის ავტორებმა ეს განსხვავება "წყნარი ოკეანის ათწლეულოვანი ოსცილაციით" (IPO) ახსნეს.

IPO-ის ციკლი დაახლოებით 15-30 წელი გრძელდება. მას აქვს "დადებითი" მდგომარეობა, როცა წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილი უფრო თბილია, ჩრდილოეთ ნაწილი კი საშუალოზე გრილია. ხოლო "უარყოფითი" მდგომარეობისას ეს ანომალია შებრუნებულია (ჩრდილოეთით თბება, ტროპიკული ნაწილი გრილდება).

საუკუნის დასაწყისში IPO უარყოფით მდგომარეობაში იყო, რამაც სამხრეთ პოლუსისკენ თბილი ჰაერის დინების გაძლიერება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ტრენდი მოსალოდნელი იყო, კლემი ამბობს, რომ დათბობა, სავარაუდოდ, "ადამიანური აქტივობის გამო გაძლიერდა".