შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ საზღვრების ჩაკეტვის პირობებში ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განმარტა, საზღვრები ყველასთან ჩაკეტილია, მათ შორის რუსეთთან. ქვეყანაში კი შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონეები რუსეთიდან.

"ესენი არიან ორმაგი მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არიან ოჯახის წევრები, ან შვილები ან მეუღლეები, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს, რომ შევაჩეროთ და უკან გავაბრუნოთ. თუ მშობლები არიან ორმაგი მოქალაქეები, შვილს ჩვენ ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში, თუმცა მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა", — აღნიშნა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩა:

"უკვე რამდენიმე თვეა აქ არიან. ლეგალურად არიან და აქვთ აქ ყოფნის უფლება, ვადა არ გათავებიათ ქვეყანაში ყოფნის და მათ იძულებით ვერ გავუშვებთ".

როგორც გომელაური ამბობს, სწორედ ამის გამოა, რომ ქვეყანაში რუსეთის ნომრებით მანქანები მოძრაობს.