ინდოეთის მთავრობამ ტიკტოკი და ჩინეთში შექმნილი ათობით სხვა აპლიკაცია აკრძალა და ამის მიზეზად ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციები "ინდოეთის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ინდოეთის თავდაცვას, სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებას ვნებს".

საერთო ჯამში ქვეყანაში 59 აპლიკაცია აიკრძალა, რომელთა შორისაც არის პოპულარული სამესიჯო პლატფორმა, WeChat. სიაში ასევე მოხვდნენ მიკრობლოგინგისთვის განკუთვნილი პლატფორმა Weibo, ვიდეოთამაში Clash of Kings, კომპანია Alibaba-ს ინტერნეტ-ბრაუზერი, UC Browser და ელექტრო–კომერციული აპლიკაციები Club Factory და Shein.

ეს გადაწყვეტილება ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით დაძაბული სიტუაციის პარალელურად იქნა მიღებული. როგორც ცნობილია, ინდოეთმაც და ჩინეთმაც ლადაქის რეგიონში სამხედრო ძალები ივნისში გადასხა. შეტაკებებს მინიმუმ 20 ინდოელი სამხედრო შეეწირა. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით კი ჩანს, რომ ჩინეთმა ჰიმალაისთან არსებულ საზღვარზე ახალი ნაგებობები აღმართა.

ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, 59 ჩინური აპლიკაცია მას მერე აიკრძალა, რაც "სხვადასხვა წყაროდან მრავალი საჩივარი შემოვიდა" იმასთან დაკავშირებით, რომ აპლიკაციები "იპარავენ და არაკანონიერი გზებით, საიდუმლოდ გადასცემენ მომხმარებელთა მონაცემებს".

"ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისადმი მტრულად განწყობილი ელემენტების მხრიდან ამ მონაცემთა ანალიზი და დამუშავება, საბოლოოდ, ინდოეთის სუვერენულობასა და მთლიანობას ხელყოფს. ეს კი ძალიან ღრმა და აქტუალური პრობლემაა, რომელიც სასწრაფო ზომებს საჭიროებს", — აცხადებს სამინისტრო.

ტიკტოკის მშობელი კომპანიის, ByteDance-ის ცენტრალური ოფისი პეკინში მდებარეობს და თავად აპლიკაციაც მსოფლიოს სხვა წერტილებში გავრცელებამდე ჩინეთში გახდა პოპულარული.

დღეს ინდოეთი, დაახლოებით 120 მილიონი მომხმარებლით, ტიკტოკისთვის ყველაზე დიდ უცხოურ ბაზარს შეადგენს.

აპლიკაციის პოპულარულობის ზრდასთან ერთად გაჩნდა ბრალდებებიც იმაზე, რომ ჩინეთი უკანონოდ იღებდა მომხმარებელთა მონაცემებს. მსგავსი კრიტიკა გაისმა აშშ-ის სენატორებისგანაც, რომლებიც კომპანიის გარშემო გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ტიკტოკი ყველა მსგავს ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.