სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ჰყავს. მან მიხეილ ბენიძე ჩაანაცვლა, რომელსაც ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული აღმასრულებელი დირექტორის ვადა ამოეწურა. ნიჟარაძე აღმასრულებელ დირექტორად ორგანიზაციის გამგეობამ აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელენე ნიჟარაძეს სამართლიან არჩევნებში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო და საკანონმდებლო რეფორმებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

ასევე, ნიჟარაძე კოორდინირებას უწევდა საარჩევნო რეფორმების, საარჩევნო სიების მონიტორინგისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ISFED-ის პროექტებს და ორგანიზაციის სახელით ჩართული იყო საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკონსტიტუციო რეფორმებში. სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში ნიჟარაძე სპეციალიზებული იყო არჩევნების დღეს ინციდენტების ცენტრის ფუნქციონირებაზე, საარჩევნო დავების პროცესის მართვასა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგზე.

მიხეილ ბენიძე სამართლიან არჩევნებს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. ორგანიზაციის ცნობით, ბენიძე სამართლიან არჩევნებში კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება.