საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში სამმა კაცმა ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამივე მათგანი დაკავებულია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ფ.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, 1997 წელს დაბადებულ ა.მ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა", — ამბობენ უწყებაში.

შშს-ში აღნიშნავენ, რომ სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან 1977 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ი.მ და 2002 წელს დაბადებული ი.ი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.