ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო მის წინააღმდეგ ცენზურას იყენებს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა.

"რა უფლება აქვს ვინმეს, რომ მე პირადად, ჩემს სივრცეში, ჩემს პირად სივრცეში ამიკრძალოს რაღაც. ეს არის ცენზურა, ცენზურის ნიშნები და მე დღეს მივმართე დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მაქსიმალურად დამიდგნენ გვერდში, რომ არ გავატანინოთ", — თქვა ბაჩანა შენგელიამ.

შენგელიამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წერილით ხვალ უპასუხებს, ის ასევე აპირებს, რომ საქმე სასამართლოში გაასაჩივროს. შენგელიას თქმით, მიღებულ დოკუმენტში არსად არაა განმარტებული რას ნიშნავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა — რასაც მას ედავებიან, ან რა იგულისხმება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში. მან აღნიშნა, რომ მის სანოტარო საქმიანობაზე არცერთ პოლიტიკურ გემოვნებას გავლენა არ ჰქონია.

იუსტიციის მინისტრმა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში უპასუხა. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვებოდა, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".

29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ბაჩანა ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".