ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. ამ თემაზე პოსტი მან ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი მომენტი ქვეყანაში უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მიმართულებით, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას არჩევნების შემდგომ სამზადისში", — წერს ჯოზეფ ბორელი.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალა და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფდა. 2 პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

არსებულ ცვლილებებს სამი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რის მიზეზადაც რურუას პატიმრობა დაასახელა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეორე და მესამე მოსმენაზე არ მივიდა.