ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის აზრით, ოპოზიცია ჩიხში შევიდა და ამ ჩიხიდან გამოსვლა გაუჭირდა. ამ თემაზე მან იმედის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ პოლიტიკურ მომავალს წერტილი დაუსვა.

"ისინი არათუ გავიდნენ ამ შეთანხმებიდან, ხომ არის, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერო და შემდეგ საერთოდ იგნორირება გაუკეთო და გახვიდე ამ პროცესიდან, უფრო მეტი, ამ პროცესის აღსრულებას თავს დაესხნენ დღეს თავისი მოქმედებებით პარლამენტს გარეთ. თქვენ წარმოდგინეთ მათი არაადეკვატურობის ხარისხი, დანიშნეს აქცია", — თქვა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

პარლამენტში კენჭისყრამდე მოძრაობა სირცხვილიასა და შეცვალეს წევრებმა, ასევე, გიორგი რურუას მეგობრებმა აქცია გამართეს. ისინი 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის ბოლომდე შესრულებას ითხოვდნენ.

პარლამენტის წინ აქციაზე სირცვილიას, რუსეთის ოკუპანტიასა და შეცვალეს აქტივისტები არიან. ამასთან, ადგილზე რურუას მეგობრებიც არიან მისულები. აქციაზე ხმის გამაძლიერებლებიდან ისმის ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ცნობილი სიტყვები: "შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში".

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალა და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფდა. 2 პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

არსებულ ცვლილებებს სამი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რის მიზეზადაც რურუას პატიმრობა დაასახელა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეორე და მესამე მოსმენაზე არ მივიდა.