წლების განმავლობაში ისე ჩანდა, რომ დონალდ ტრამპს ყოველთვის შეეძლო იმის მიღება, რაც თავად სურდა, მაგრამ ამჯერად საკულტო როკჯგუფის წევრებმა გააფრთხილეს, რომ ასე აღარ მოხდებოდა.

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად იყენებდა ლეგენდარული ჯგუფის Rolling Stones ცნობილ ჰიტს You Can’t Always Get What You Want. წელსაც რომ იგივე არ განმეორებულიყო, ჯგუფმა საჯაროდ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ჯგუფის შემოქმედების პოლიტიკური მიზენებისთვის გამოყენებისგან თავი შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში უჩივლებდა.

The Guardian-ს ცნობით, ტრამპი თანამშრომლობს მუსიკალური უფლებების კომპანიასთან BMI, რომელიც მას სხვა მრავალ სიმღერასთან ერთად Rolling Stones-ის ამ ჰიტის გამოყენების უფლებასაც აძლევს.

როგორც ბენდის წევრები აცხადებენ, მათი იურისტები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს BMI-სთან, რათა შეთანხმებას მიაღწიონ.

You Can’t Always Get What You Want 1969 წელს გამოსული კლასიკაა, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

Rolling Stones ერთადერთი არ არის, რომელსაც არ სურს, რომ მისი შემოქმედება ტრამპთან იყოს დაკავშირებული: მანამდე ტომ პეტიმ და ნილ იანგმა მოითხოვეს, რომ ტრამპს პოლიტიკური მიზნებით მათი შემოქმედების გამოყენება შეეწყვიტა.