აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი საარჩევნო სისტემის მიღებას და წერს, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება. განცხადებას პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი ავრცელებს:

"აშშ მიესალმება საქართველოს მიერ ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რითაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩამოყალიბდება. ცვლილება, რომელიც პარტიათა უმრავლესობის მიერ, 8 მარტის შეთანხმების შედეგად ამოქმედდა, მეტად სტაბილურ და პლურალისტურ გარემოს უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საარჩევნო რეფორმა, რაც სრულად შეესაბამება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასაც, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს ცვლილებები.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა, რა დროსაც გამოხატული იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო კამპანიის სამართლიანად ჩატარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდ არჩევნების დღის.

აშშ გააგრძელებს საქართველოს ძალიხმევის მხარდაჭერას, გააძლიეროს დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და გააფართოვოს მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, რაც საუკეთესო დაცვა იქნება რუსული აგრესიის წინააღმდეგ", — წერია განცხადებაში.

დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვალა და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფდა. 2 პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

არსებულ ცვლილებებს სამი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რის მიზეზადაც რურუას პატიმრობა დაასახელა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეორე და მესამე მოსმენაზე არ მივიდა.