საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. როგორც მან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ეს ისტორიული დღეა.

"მოვაწერე ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ცვლილებას, პარლამენტის ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ, რეალურად, ყველა მხარს უჭერს ამ ცვლილებას, რადგან ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, ჩვენი დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში.

მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად კონსტიტუციით, არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე.

ამისთვის გადავდგი თავის დროზე მძიმე, რთული ნაბიჯი, რომელსაც ერქვა შეწყალება. მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რომელიმე შეთანხმებაში ეწერა რამე, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ეს ემსახურებოდა სტაბილურობას. დღეს გამყარდა სტაბილურობა", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს. 2 პოლიტიკოსი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობდა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეოერე და მესამე მოსმენაზე არც ისინი მივიდნენ.