აშშ-ს კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. კონგრესმენი კვლავ მოუწოდებს მხარეებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულონ.

"ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას. შექებას იმსახურებს ყველა, ვინც მონაწილეობდა, ცვლილებების მიღებაში. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მისი მძიმე სამუშაოსთვის და გადამწყვეტი როლისთვის", — წერს კინზინგერი.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს. 2 პოლიტიკოსი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობდა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეოერე და მესამე მოსმენაზე არც ისინი მივიდნენ.