პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, აქტიური საარჩევნო პროცესის დაწყებამდე მედია გარემო "უაღრესად ტოქსიკური" გახდა. ასე უპასუხა მან TV პირველის ჟურნალისტის კითხვას, თუ რა ამოძრავებდა თბილისის მერს, კახა კალაძეს, როდესაც მან "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.

"სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, საერთოდ მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური, მე უბრალოდ მინდა გთხოვოთ, ამის ნაწილი არ გახდეთ. [...] უაღრესად ტოქსიკური გახდა, სადაც სქემა მუშაობს შემდეგნაირად: ფეიკ ნიუსი, ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, პროპაგანდისტული ინსტრუმენტები, შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერის აზრით, ფეიკნიუსებს ძალიან მოკლე სიცოცხლისუნარიანობა აქვს, რადგან ტყუილზეა დამყარებული. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარკევულ ეთიკაზე და ქცევაზე უნდა შეთანხმდნენ — "არ შეიძლება ესე დავალებების მიღება. მე ხო არასდროს მედიასთან პრობლემა არ მქონია".

25 ივნისს თბილისის მერმა განაცხადა, რომ ფეიქნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს იწყებს. მისი თქმით, ყველას, ვინც მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ".

როგორც კალაძე ამბობს, რადგან არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებამ იმატა და სწორედ ამიტომ, აპირებს, რომ მათ "არგუმენტირებულად" და "რაციონალურად" უპასუხოს. მისი თქმით, ვიდეოჩართვებში მოსახლეობას აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.