კვანტური შეჭიდულობა ერთ-ერთი ფენომენია, რომელიც კვანტურ მექანიკას კლასიკური მექანიკისგან განასხვავებს. ეს ფენომენი მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი და ბევრი მკვლევარი იმედოვნებს, რომ ის კვანტური კომპიუტერების და ახალი ინტერნეტის შექმნაში დაგვეხმარება.

კვანტური შეჭიდულობა ეწოდება ბუნებრივ ფენომენს, სადაც რამდენიმე ობიექტის კვანტური მდგომარეობები ურთიერთდამოკიდებულია. ეს "შეჭიდულობა" კი მაშინაც შენარჩუნებულია, თუკი ობიექტები სივრცეში მიმოფანტულნი არიან. ამგვარად წარმოიქმნება საკმაოდ ძლიერი კავშირი.

მიუხედავად იმისა, რომ კვანტური კომპიუტერი და კვანტური ინტერნეტი ჯერ მხოლოდ თეორიული მოდელებია, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში თეორია რეალობაში განხორციელდება, რის შედეგადაც, უპრეცედენტოდ სწრაფი კომპიუტერები და ინტერნეტი გვექნება, რომელიც ოპტიკურ კაბელებზე დამოკიდებული აღარ იქნება.

მეცნიერები კვანტურ შეჭიდულობას სხვადასხვა გზით შეისწავლიან — მათ შორის მისი კოსმოსში დემონსტრაციით.

ამ შემთხვევაში CubeSat-ის პატარა თანამგზავრი, რომელსაც SpooQy-1 ქვია, კოსმოსში გაუშვეს, სადაც ფოტონების კვანტური შეჭიდულობის დემონსტრაციას ლურჯი ლაზერული დიოდით და არა-წრფივი კრისტალის დახმარებით მიაღწიეს.

ფოტო: National University of Singapore

"მომავალში, შესაძლოა, რომ ჩვენი სისტემა გლობალური კვანტური ქსელის ნაწილი გახდეს, რომელიც კვანტურ სიგნალებს კოსმოსიდან დედამიწაზე ან კოსმოსურ ხომალდებზე გაგზავნის", — ამბობს კვანტური ფიზიკოსი აიტორ ვილარი, — "ეს სიგნალები ნებისმიერი ტიპის კვანტური კომუნიკაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული, მაგალითად, სენსიტიური ინფორმაციის შენახვისთვის ან ინფორმაციის კვანტური გადაცემისთვის".

CubeSat-ის ეს ექსპერიმენტი შთამბეჭდავი რამდენიმე მიზეზის გამოა. პირველ რიგში, ცხადია, იმიტომ, რომ ის კოსმოსში განხორციელდა. ამასთანავე, ექსპერიმენტის ადგილი, მიკროთანამგზავრი, სიგრძეში მხოლოდ 20 სანტიმეტრია და 2,6 კილოგრამს იწონის. ამასთანავე, თანამგზავრი ძალიან ენერგოეკონომიურია.

კოსმოსში კვანტური შეჭიდულობის პირველი ექსპერიმენტის ჩატარება ჩინურმა ხელოვნურმა თანამგზავრა Micius-მა შეძლო. SpooQy-1 განსაკუთრებით შთამბეჭდავი თავისი კომპაქტურობის და ახალი ტექნოლოგიების გამოა.

SpooQy-1 დედამიწის ორბიტაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაეშვა. ფოტონების წყვილის კვანტური შეჭიდულობა 16 და 21,5 გრადუსზე მოხდა.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ CubeSeat-ის თანამგზავრის ენერგოეკონომიურობა და კომპაქტურობა კვანტური ინტერნეტის კვლევას ხელს შეუწყობს. ამასთან, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათი ექსპერიმენტი კვანტური შეჭიდულობის სხვა კვლევებსაც შთააგონებს.