საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, საარჩევნო სისტემის ცვლილების კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარეს ენმ და ევროპული საქართველო დარჩნენ, მეორე მხარეს კი "პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, ქართული ოცნება". არჩილ თალაკვაძემ ეს განცხადება კენჭისყრის შემდეგ, პარლამენტში გააკეთა.

"დღევანდელი კენჭისყრა უკვე იყო წყალგამყოფი, იყო ხაზი, რომლის ერთ მხარესაც დარჩა ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა და გამოჩნდა, რომ ისინი წარსულში ექაჩებიან ქვეყანას. მეორე მხარეს დარჩა პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო ძალა, ქართული ოცნება და ახალი ოპოზიცია, რომელმაც შეასრულა თავისი პირობა და მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმების შესრულება შეუძლია, ასევე, საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია — ორი პოლიტიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო, რომელმაც სამწუხაროდ ვერ შეძლო ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც ჰქონდა საჯარო პირობა მიცემული და რაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი შეთანხმების სახით", — თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30 სისტემა გულისხმობს მხოლოდ 30 მაჟორიტარს ახალი მოწვევის პარლამენტში, 120 დეპუტატი კი სიით საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით მოხვდება. კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები. მათი თქმით, შეთანხმების ნაწილი იყო გიორგი რურუას გათავისუფლებაც, რაც ხელისუფლებამ არ გააკეთა.

8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა

8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს. 2 პოლიტიკოსი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

კონსტიტუციაში ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რის მიზეზადაც რურუას პატიმრობა დაასახელა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მეოერე და მესამე მოსმენაზე არ მივიდა.