თელ-ავივის პრაიდ აღლუმი, რომელიც ყოველი წლის ივნისში ტარდება, ახლო აღმოსავლეთში გეი პრაიდთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ღონისძიებაა. გასულ წელს მასში მონაწილეობა 250 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ამ თვის აღსანიშნავად თელ-ავივის ადგილობრივმა მთავრობამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ისინი ერთნაირსქესიან და არატრადიციულ წყვილებს საშუალებას მისცემენ, თავიანთი კავშირი ოფიციალურად დაარეგისტრირონ ქალაქის მერიაში, რითაც ამ უკანასკნელებს ოჯახებისთვის განკუთვნილი უფლებებით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ.

ქალაქის მერის, რონ ხულდაის თქმით, ახალი გადაწყვეტილებით წყვილებზე ისეთი შეთავაზებები გავრცელდება, როგორიც გადასახადების შემცირება და ბავშვზე მზრუნველობის სერვისებია.

"დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით პრაიდის კვირას და მომავალშიც თელ-ავივის ადგილობრივი მთავრობა გააგრძელებს ლგბტქ+ თემის გვერდით დგომას და გახდება სამართლიანი, ტოლერანტული და უფლებამდამცველი უწყება.

"მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ უახლოეს თვეებში მუნიციპალიტეტის მონაცემთა ბაზას განცხადების საფუძველზე დაემატება ერთნაირსქესიანთა შორის გაფორმებული ქორწინებები.

"რას ნიშნავს ეს? უპირველესად იმას, რომ ადგილობრივი მთავრობა ცნობს ყველანაირ ურთიერთობას ორ ადამიანს შორის.

"მეორე — ნებისმიერი წყვილი, რომელიც ამ პროცედურას გაივლის, შეძლებს, ისარგებლოს ყველა მუნიციპალური სარგებლით, როგორიცაა ბავშვების დარეგისტრირება სასწავლო დაწესებულებებში, ფასდაკლებები საზოგადოებრივ ცენტრებში და სხვა.

"ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის მთავრობაც გადადგამს ნაბიჯს 21-ე საუკუნისაკენ და აღიარებს თემის უფლებებს — ქორწინებას, თანასწორუფლებიან მშობლობას და უფლებას, იყონ დაცულები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისგან სამუშაო ადგილზე და სხვაგან", — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქალაქის მერის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

თელ-ავივ-იაფას მერი, რონ ხულდაი.

ფოტო: Miriam Alster / Flash90

მიუხედავად იმისა, რომ გეი-ქორწინება სახელმწიფოში არაკანონიერი არაა, ისრაელის მთავარი რაბინატი, რომელიც ქვეყანაში ქორწინების სერვისის სამართალმფლობელია, უარს ამბობს მსგავსი კავშირის ცნობაზე და გაფორმებაზე.

წყვილებს, რომლებიც ამის გამო ვერ ქორწინდებიან, შეუძლიათ, საკუთარი ურთიერთობა საზღვარგარეთ, სამოქალაქო ქორწინებით აქციონ ოფიციალურად. ამის შემდეგ, როცა ქორწინება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გაფორმდება, ისრაელი ოფიციალურად აღიარებს მას. თუმცა, ამის მერეც კი ბევრი იმ ყველა სარგებელსაა მოკლებული, რასაც რაბინთა კავშირის მიერ დაქორწინებულები იღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება სპეციალურად შემუშავდა ლგბტქ+ წყვილებისთვის, იგი ასევე სეკულარულ წყვილებს და მათაც აძლევს უფლებას, ქვეყნის დატოვების გარეშე ოფიციალურად გააფორმონ თავიანთი კავშირი, ვინც უარს ამბობს რელიგიური ქორწინების კავშირად აღიარებაზე.