ლეობორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გერმანიის ელჩს ივანიშვილის ლობისტად მოიხსენიებს და მის გაწვევას ითხოვს. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ გერმანიის ელჩი "თვალთხარია გახარიების" დანაშაულებრივ ქმედებებს ამართლებდა და 20 ივნისს აქციის დაშლას ფანჯრიდან უყურებდა.

"გერმანიის ფედრაციული რესპუბლიკი ელჩი რჩება ივანიშვილის ლობისტად და კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. [...] ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან, ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი, ჩვენი ცოდვით. ამიტომ მე მივმართავ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, ბუნდესტაგს, გაიწვიეთ უკან ეს სამარცხვინო ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს", — თქვა შალვა ნათელაშვილმა.

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა თქვა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. ეს განაცხადი მან 26 ივნისს ინტერპრესნიუსის ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, სადაც ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ორშაბათი, ანუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა გადამწყვეტი იქნება.

"ბატონი რურუა არ არის ნახსნები ამ შეთანხმებაში. ეს ძალიან მკაფიოა, ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. გაკვირვებული ვარ, იმ დისკუსიის გამო, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა, ერთმანეთის დადანაშაულების მცდელობა, როცა ოპოზიცია მმართველ პარტიას ადანაშაულებს კანონპროექტის ჩავარდნაში და პირიქით", — თქვა მან.

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ. ისინი რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ. როგორც ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რურუას გათავისუფლება, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო. აღნიშნულ შეთანხმებას უარყოფენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ სასამართლოს სისტემაზე გავლენას ვერ იქონიებენ.