რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ აღიარა, რომ მსახიობ მარია შნაიდერის გაუპატიურების სცენა ფილმში, "უკანასკნელი ტანგო პარიზში", თავად შნაიდერთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ამის შესახებ რეჟისორი საუბრობს 2013 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.

The Guardian–ის ცნობით, ბერტოლუჩი ამბობს, რომ გაუპატიურების სცენა 1972 წელს გადაღებული ფილმის სცენარში არ ყოფილა და იდეა მას და მსახიობ მარლონ ბრანდოს გადაღების წინ გაუჩნდათ.

აღნიშნულ სცენაში მარლონ ბრანდოს პერსონაჟი აუპატიურებს მარია შნაიდერის პერსონაჟს. ბრანდო იმ დროს 48 წლის იყო, შნაიდერი – 19–ის.

"მე მინდოდა დამენახა მისი, როგორც ქალის რეაქცია და არა როგორც მსახიობის", – ამბობს ბერტოლუჩი და იქვე აღიარებს, რომ მისი და მარლონ ბრანდოს ეს გადაწყვეტილება "საშინელი" იყო, თუმცა არ ნანობს.

აღნიშნული სცენის შესახებ მარია შნაიდერმა, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა, ჯერ კიდევ 2007 წელს ისაუბრა The Daily Mail-თან ინტერვიუში. ის ამბობდა, რომ წინასწარ არ იცოდა გაუპატიურების სცენის გადაღების შესახებ და გადაღების შემდეგ თავს "დამცირებულად და გაუპატიურებულად" გრძნობდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, გაუპატიურება დადგმული იყო. შნაიდერის თქმით, გაუპატიურების სცენის დაუგეგმავად გადაღებამ მასზე იმდენად იმოქმედა, რომ ის ფილმში "ნამდვილი ცრემლებით" ტიროდა და არ თამაშობდა.