საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძაღლები — ფანი, ჯესი, ბელა, სალი, ბინგო და რეი დღეიდან, 27 ივნისიდან სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ. უწყების ინფორმაციით, ძაღლებმა სამსახურში 12 წელი გაატარეს და ამ დროის განმავლობაში არაერთ სამაშველო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბელა - 12 წლის გერმანული ნაგაზი. მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში. მათ შორის, ბელა მუშაობდა 2009 წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, სადაც რუსთავი 2-ის კუთვნილი ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ბელა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ადგილზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში. სამუშაოების შედეგად, ნანგრევებში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველ ძაღლებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გამოემშვიდობნენ. დღეიდან ისინი სახანძრო-სამაშველო ძალების განყოფილებებში გადაინაცვლებენ და მათზე ზრუნვას მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ.

უწყების განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიურ დანაყოფს უკვე შეუერთდა მომავალი თაობის მაშველი ძაღლი ბელგიური მალინუა — ტინტო.

მაშველი ანდრო ფეიქრიშვილი და 9 თვის ტინტო, ბელგიური მალინუა.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სამსახურს მომავალში ახალი ძაღლების გაწვრთნა აქვს დაგეგმილი.