ფეისბუქის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს იმ შემთხვევაში გააფრთხილებს, თუ ისინი 90 დღეზე ძველი სტატიის გაზიარებას ეცდებიან. სიახლე მომხმარებლებს გასაზიარებელი სტატიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს. ფეისბუქში იმედოვნებენ, რომ ახალი ფუნქცია პლატფორმაზე კონტენტს უფრო აქტუალურს და სანდოს გახდის.

მომხმარებლებს მიღებული შეტყობინების შემდეგ სტატიის გაზიარების უფლება მაინც ექნებათ. აღნიშნული ფუნქციის დანერგვა ხელს შეუშლის ძველი სტატიებისთვის აქტუალურობის დაბრუნებას და ამით სხვა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას. მაგალითისთვის, წლების წინ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ამბავი შესაძლოა, გაზიარდეს ისე, რომ მკითხველებს შეუქმნას გაცნდა, თითქოს ეს ახლახანს მომხდარი ამბავია, რაც "მიმდინარე მოვლენების მცდარ აღქმას" გამოიწვევს.

ფეისბუქი პირველი კომპანია არაა, რომელიც ძველი ამბების არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებას ეწინააღმდეგება. გასულ წელს The Guardian-მა ძველი სტატიების მთავარ სურათებზე, რომლებიც გაზიარებისას ჩნდება, გამოქვეყნების წელი დაიტანა.

ფეისბუქთან ერთად სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ქცევის შეცვლას შესაბამისი შეტყობინებებით სხვა კომპანიებიც ცდილობენ. მაგალითად, ინსტაგრამზე პოტენციურად სიძულვილის ენის შემცველი კომენტარის გამოქვეყნებამდე სოციალური ქსელი მომხმარებელს აფრთხილებს, ხოლო ტვიტერმა ახალი ფუნქციის ტესტირებას დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს სტატიის გაზიარებამდე მის წაკითხვას ურჩევს.