ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით აშშ-ს თავდაცვის აქტში შესწორების შეტანა გიგა ბოკერიასა და სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.

მისი თქმით, ეს ქართულ ოცნებას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ის, რომ თუნდაც თავდაცვის აქტის პროექტში რურუას ხსენება, საერთაშორისო პარტნიორებია რეპუტაციას აზიანებს.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ გიგა ბოკერია და კომიტეტის აპარატის უფროსი მეგობრობენ წლებია უკვე ერთმანეთთან. არ ვიცი რა დგას ამ მეგობრობის უკან. აქედან გამომდინარე, პროექტში შეიძლება შეტანილიყო ასეთი ცვლილება, თუმცა ეს არის ბოკერიას და აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი. როდესაც, თუნდაც პროექტში ხდება ასეთი წინადადება, ეს, ბუნებრივია, ვერაფერს დააკლებს ქვეყანას, სახელმწიფოს და ვერაფერს ვერ დააკლებს, ვერც ქართულ ოცნებას.
თუმცა, ეს გარკვეულწილად მაინც აზიანებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას და ეს არის ერთ-ერთი შედეგი იმ საქმიანობისა, რომელსაც ახორციელებს გიგა ბოკერია, კრიმინალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი", — განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილება მოამზადა, რაც საქართველოს დემოკრატიას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმას ეხება.

ტექსტში საუბარია იმაზე, რომ სენატი ხელახლა ადასტურებს სურვილს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, "თუ საქართველოს მთავრობა კვლავ გამოავლენს ამ რეფორმების გატარების გულწრფელ სურვილს".

ტექსტში საუბარია ბრალდებულ გიორგი რურუაზეც, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვს.

რიშის დოკუმენტში წერია, რომ 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია.

"საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ყველა პოლიტიკური პატიმრის — მათ შორის, ბატონი რურუას — გათავისუფლება წარმოადგენს წინაპირობას იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საარჩევნო კანონის შეთანხმებულ ცვლილებებს.

საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბრის ბოლოსაა დანიშნული", — რიშის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.