კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის თანამედროვე საქართველოს ისტორია წარმატებული სტუდენტებისთვის დააწესებს ყოველთვიურ სტიპენდიას 250 ევროს ოდენობით.

სტიპენდიას ყოველთვიურად მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც სამაგისტრო პროგრამის შიდაშესარჩევ პროცედურებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. სტიპენდიის შენარჩუნება დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში.

პროგრამის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ ახლახან მიიღო აკრედიტაცია და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს.

პროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.

პროგრამა ორენოვანია – სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური – და ითვალისწინებს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე, კვლევის დიზაინი და ა.შ.).