პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვას უპასუხა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე და თქვა, რომ გამოძიება დამკვეთებზე გასული არაა.

"მაშინ იმ მომენტში რაც დაადგინა გამოძიებამ ეს იყო ის, რომ ეს ჩანაწერი ადამიანს, რომელიც როგორც ვიცი, დღეს არის მსჯავრდებული, აქვს მიღებული რუსეთიდან, ის ადამიანი თვითონ იმყოფება სომხეთის პენიტენციურ სისტემაში. გამოძიებამ რაც დაადგინა, გავრცელება მოხდა აქედან. [...] დამკვეთებზე, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის გამოძიება გასული არ არის", — თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა შეიცვალოს და ეს სტანდარტი ნელ-ნელა უნდა აიწიოს. გახარიას თქმით, ეს ფაქტი პერსონალურად მისთვის სამწუხარო და მიუღებელია.

ბესელიამ პარლამენტში პრემიერს ჰკითხა რა მიზანი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას და იყო თუ არა ეს ქართული ოცნების ანგარიშსწორება. ბესელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მაშინ მმართველ გუნდთან დაპირისპირება ჰქონდა და დაინტერესდა, გადაუხადა თუ არა მას გუნდმა ამ ფორმით სამაგიერო.

გარდა ამისა, ბესელიამ აღნიშნა, რომ ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები დღევანდელი მთავრობის შემადგენლობაში არიან. მისი თქმით, კადრების გავრცელების შემდეგ წელიწად-ნახევარი გავიდა და მას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული.

"თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები.

დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ იტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ ახლა, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ რომ ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე მე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.

გეკითხებით ახლა, ვინ დაგეგმა ის დანაშაული, რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა ათკაციან სიაზე", — განაცხადა მან.

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებს და არ დაიღლება, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.