აფალინა დელფინებს საკვების მოპოვების უჩვეულო ქცევა ახასიათებთ. ისინი თევზს მუცელფეხიანების ცარიელ ნიჟარაში შესვლას აიძულებენ, შემდეგ იგი ზედაპირზე ამოაქვთ, არხევენ და თევზი პირდაპირ მათ მუცელში ჩნდება.

ეს დელფინებში ადამიანების მიერ დაფიქსირებული ხელსაწყოს გამოყენების მეორე და ისეთი პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ ქცევა თავიანთი მეგობრებისგან ისწავლეს — ისე, როგორც ამას ადამიანის მსგავსი მაიმუნები აკეთებენ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ჩანს, რომ დელფინების კულტურული ქცევა უფრო მეტად გავს ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და თავად ადამიანების ქცევას", — განაცხადა ბილოგმა მაიკლ კრუცენმა.

დელფინებში ცოდნა პირდაპირ დედიდან შვილზე გადადის. ამ ტიპს ვერტიკალურ დასწავლას უწოდებენ. თუმცა არსებობს სწავლის სხვა გზებიც, მაგალითად, როდესაც ინდივიდები უნარებს სოციალური მეწყვილისგან, მეგობრისგან სწავლობენ, ამ მეთოდს ჰორიზონტალური დასწავლა ეწოდება და იგი ძირითადად ჰომინიდებში გვხვდება.

ჰომინიდებსა და დელფინებს შორის არსებული მსგავსების გამო მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ დელფინებს ჰორიზონტალური დასწავლის მეთოდის გამოყენების უნარი აქვთ.

აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, დელფინებში ამ უნარის არსებობის ვარაუდები არსებობდა, თუმცა მისი დამტკიცება მხოლოდ ამ კვლევით გახდა შესაძლებელი.

მკვლევართა გუნდი დაკვირვებებს 2007 წლიდან 2018 წლამდე აწარმოებდა. მათ გენეტიკური, ქცევითი და გარემოსთან დაკავშირებული მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქცევა მეგობრებისგან ვრცელდებოდა და არა მშობლებისგან.

"შედეგებმა გვიჩვენა, რომ დელფინებს დანამდვილებით შეუძლიათ და ასევე მოტივირებულები არიან, რომ დედის გარდა სხვა ინდივიდებისგან ისწავლონ. ეს მიგნება დელფინების სოციალური ცხოვრების უკეთ გაგებაში დაგვეხმარება", — აცხადებენ მკვლევრები.

მაგალითად, 2011 წელს სითბურმა ტალღებმა შარკის ყურეში, სადაც დელფინები საკვებს ეძებენ, მცენარეები გაანადგურა. ამან თევზებისა და იმ უხერხემლოების განადგურებაც გამოიწვია, რომლებიც გიგანტურ ნიჟარებში ცხოვრობენ და რომლებსაც დელფინები სათევზაოდ იყენებენ. შედეგად დელფინებში აღნიშნული ქცევის სიხშირე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"შესაძლოა, რომ მკვდარი გიგანტური ნიჟარების მოზღვავებამ დელფინებში სწავლის შესაძლებლობა გაზარდა", — ნათქვამია კვლევაში.

კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.